იგოეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

593

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის ღირებულებაა 696 326 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს “ხარისხი-2” ასრულებს.

“წელს შესრულდება 400 000 ლარის სამუშაოები, ხოლო დანარჩენი 2021 წელს” – აღნიშნავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

იგოეთის საბავშვო ბაღის საჭიროების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა. აქაური ბავშვები სოფელ სამთავისში ტრანსპორტირების გარეშე დაჰყავდათ.

„იგოეთში საბავშვო ბაღი რამდენიმე ათეული წელია არ ფუნქციონირებს, ამიტომ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვები სოფელ სამთავისში დადიან. ტრანსპორტირების თანხა ჩვენ გამოყოფილი არ გვაქვს, რადგან ახლო სოფელია და მშობლებს ბავშვები ფეხით დაჰყავთ” – აცხადებდა კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი.

რაც შეეხება ბავშვთა რაოდენობას, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მანანა ღვთისიაშვილმა გასულ წელს გვაცნობა, რომ იგოეთიდან სამთავისში 40 ბავშვი დაჰყავთ.