უფლისციხესთან ახალი ხიდის ასაშენებლად კომპანია დიზაინზე მუშაობს

85

კომპანია “კონსტრაქშენ სერვისი”, რომელიც უფლისციხესთან სახიდე გადასასვლელის მშენებლობას გეგმავს, ახალი ხიდის დიზაინზე მუშაობს. ინფორმაციას შიდა ქართლსი საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

სოფო ჭიჭილეიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, გარემოს დაცვის სამინისტროსგან შეფასების დოკუმენტს ელოდებიან, რომლის დადებითი დასკვნის შემდეგ, სამუშაოებს შეუდგებიან.

ახალი ხიდის ასაშნებლად კომპანიასთან ხელშეკრულება 2019 წლის სექტემბერში გაფორმდა. სამუშაოები დაახლოებით 2 მლნ ლარი დაჯდება და 2023 წელს დასრულდება:

“ამ ეტაპზე პროექტირების ეტაპზე ვართ, ვმუშაობთ დიზაინზე, ასევე, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშს ველოდებით და ტექნიკური დავალების მიღების შემდეგ სამუშაოებს შევუდგებით” – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ლამპიონები ღამის განათებებით, ტროტუარები, დეკორატიული მოაჯირეები – ასეთი იქნება ახალი ხიდის ატრიბუტები, რომელსაც უფლისციხის მუზეუმში მიმსვლელი ქვეითები და მძღოლები იხილავენ. ახალი ხიდი არსებული ხიდის გვერდით აშენდება. დღეს არსებული ხიდი 1980-იან წლებში აშენდა. მანამდე ე.წ. დაკიდული ხიდი ფუნქციონირებდა. მის მაგივრად ბეტონის კონსტურქცია ააგეს, რომლის მშენებლობის პროცესს ტრაგიკული მოვლენა ახლდა თან. თავდაპირველი კონსტრუქცია, ე.წ. გატესტვის დროს, ჩაინგრა. სატვირთო მანქანაში მსხდომი მამა-შვილი დაიღუპა.

ახალი ხიდის აშენებამდე სხვა კომპანიამ, ,,ჯეოტექსერვისმა” წინასწარი სამუშაოები ჩაატარა. მდინარის ორივე ნაპირზე ნიადაგის მდგომარეობა შეისწავლეს.