მარგველაშვილი: როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში

772

როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მან “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნა და ვეტოს დადების მიზეზი განმარტა.

“პირველი საკითხი ეხება თვითმმართველობის კოდექსს, რომლითაც 7 თვითმმართველ ქალაქს – თელავს, ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, ახალციხეს, მცხეთას და ამბროლაურს ჩამოერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ეს უაღრესად დასანანია, რადგან ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 2014 წელს “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, რომელიც საწყის ეტაპზე ითვალისწინებდა ამ 7 ქალაქისთვის სტატუსის მინიჭებას და ეს პროცესი შემდგომ უფრო უნდა გაღრმავებულიყო. ეს პროცესი, თავის დროზე, შეფასდა უაღრესად დადებითად როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამ პროცესის უკან შეტრიალება არის აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელი. როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში. არადა თვითმმართველობა არის ის ერთადერთი, რეალური, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავარი შემკვეთის – ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი, სახელმწიფო როგორ უნდა ემსახუროს თავის საზოგადოებას, არ არსებობს და ეს პროცესი პირიქით, უნდა გაღრმავებულიყო”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი