კალაძე: მიკროავტობუსები სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ასევე ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მტვერი იყოს თბილისში

431

მიკროავტობუსები სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვის თვალსაზრისით და ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის განმარტებით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის.

„რა კეთდება ამისთვის? თუნდაც ავტობუსების ჩანაცვლება. თქვენ იცით, ყვითელი ავტობუსები როგორ სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და პრობლემაა ასევე გამონაბოლქვის თვალსაზრისით. იგივე შემიძლია ვთქვა მიკროავტობუსებზე, ესეც სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვის თვალსაზრისით და ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, პირდაპირ აისახება არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ასევე პრობლემას წარმოადგენს სამშენებლო მტვერი და ამ მიმართულებით ჩვენ ერთი წლის წინ პარლამენტში წარვადგინეთ კონკრეტული კანონპროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია გარკვეული სანქციების ამოქმედება სამშენებლო მოედნებზე საშენი მასალების ქაოტურ განლაგებასთან და ასეთი მასალების შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან დღემდე კანონდარღვევის 415 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 67 შემთხვევა სამშენებლო ობიექტებზე იყო. დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა კანონმა, როგორც მტვრის შემცირებისკენ გადადგმულმა კიდევ ერთმა ნაბიჯმა ძალიან ეფექტურად იმუშავა.

„სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კონტრაქტორებიც არღვევდნენ კანონს, შეიძლება ბევრი არა, მაგრამ შეგვხვედრია ქალაქში, როდესაც ქვის დამუშავება მიმდინარეობს ღია წესით, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, დგას ბუღი, მტვერი, სრული კატასტროფა. შესაბამისად, ძალიან ბევრი ასეთი კომპანიაა დაჯარიმებული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქში მტვრის ნაწილაკების შემცირებას ხელს უწყობს მულჩირება. ალბათ, ყველას შეგვხვედრია გზაგამყოფები, რომელიც დაბეტონებული იყო და შემდეგ ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მოგვეწესრიგებინა, გაგვემწვანებინა. დააკვირდებით, ალბათ, რომ საფარზე არის წითელი მულჩი, რომელიც, პირველ რიგში, ხელს უწყობს ნიადაგის განოყიერებას და ასევე გვიცავს მტვრისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რომ რაც შეიძლება ნაკლები მტვერი იყოს დედაქალაქში. ეს ღონისძიებები მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის საკმარისი,“- განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.