რიჟვაძე: მომდევნო 5 წლის განმავლობაში აჭარაში წყალმომარაგებაზე 110 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება

72

აჭარაში ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები 5 წლის განმავლობაში განხორციელდება, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „SWOT ანალიზში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი ყურადღება გაზიფიკაციას, წყალმომარაგებასა და გზებს დაეთმობა.

„ძირითადი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილში აჭარისთვის ზოგადად, დაახლოებით 10-წლიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი იქნება წყალმომარაგება, გაზიფიცირება. ამ ნაწილში ჩვენ უკვე მოვიძიეთ შესაბამისი რესურსები. გაზიფიცირების ჭრილში მხოლოდ წელს დაახლოებით 30-მდე სოფლის გაზიფიცირება მოხდება სრულად აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. შარშან დეკემბერში, ჩვენ პირველად გოდერძის უღელტეხილზე ავანთეთ გაზის და ეს იყო მართლა წარმოუდგენელი წლების წინ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, ეს და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.

„შემდეგი 5 წლის განმავლობაში აჭარაში, როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ დავხარჯავთ 110 მილიონ ევროზე მეტს. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა დაბაში, ყველა სოფელში გვექნება თანამედროვე წყალმომარაგება. ყველგან, სადაც ამის ტექნიკური შესაძლებლობა არის, გვექნება გაზი. ძირითადი გზების ნაწილი პრაქტიკულად დასრულებულია და მთავრი გამოწვევა, რაც გვქონდა, წელსვე ამ ნაწილში ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას დავიწყებთ. ამიტომ, ეს ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იქნება 5 წლის ჭრილში მოგვარებული ერთხელ და სამუდამოდ. და ეს ნიშნავს, რომ ყველას მიეცემა შესაძლებლობა როგორც ეკონომიკური აქტივობის, ასევე კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობის“, – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.