პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მის მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს

994

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებზე მის მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დღეს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნა.

“იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ჩემს მოტივირებულ შენიშვნებს, მით უმეტეს, გამომდინარე იქიდან, რომ მოტივირებული შენიშვნები, თავის მხრივ, ეფუძნება, მათ შორის, აქტიურ პოზიციას, რომელიც ამ კანონმდებლობასთან მიმართებით აქვს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის აქტიური ნეგატიური პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა არაერთი შეხვედრის დროს. დარწმუნებული ვარ, მმართველმა პარტიამ ნელ-ნელა კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოუსმინოს და ყური დაუგდოს განსხვავებულ აზრს და თავის კანონშემოქმედებით პროცესში განსხვავებული აზრი ჩართოს, როგორც შემადგენელი ნაწილი და ჩართოს თავის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემადგენელ ნაწილად”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი