კალაძე სამშენებლო კომპანიებს: თხოვნები, რომ არ დაგაჯარიმოთ, არ გამოვა, მეგობრებო!

497

“ხალხის გამოგზავნა, თხოვნები, რომ არ დაგაჯარიმოთ, არ გამოვა, მეგობრებო!” – ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დროულად ვერ ასრულებენ.

კალაძის თქმით, კომპანიამ, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა შეასრულოს სამუშაოები დროულად და ხარისხიანად, ტენდერში მონაწილეობაც არ უნდა მიიღოს.

„არ შეიძლება ყურადღება არ გავამხვილო გლდანში მიმდინარე სამუშაოებზე. ეს არის ხიზაბავრის და ხარაძის ქუჩები, რომელსაც გლდანის გამგეობა ახორციელებს. ამ ორ ქუჩაზე გვქონდა პრობლემები; როცა მოხდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შევიდა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური შემოწმებაზე იმისთვის, რომ ჩაებარებინა შესრულებული სამუშაო, ეს ყველაფერი იყო უხარისხო და ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვა რეაგირება. თვალს ვერ დავხუჭავთ უხარისხობაზე, არასწორად შესრულებულ სამუშაოებზე და ამ კომპანიას დაევალა თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს საგზაო ინფრასტრუქტურა. ლაბორატორიამ სინჯების აღებაც კი ვერ შეძლო, ისე უხარისხოდ იყო შესრულებული სამუშაოები. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ოპონენტების მხრიდან იმის შესახებ, რომ უკვე შესრულებულ სამუშაოს თავიდან ვასრულებთ და ა.შ. არა მეგობრებო, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ თვალს შეუსრულებელ ვალდებულებებზე“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, არსებობენ კომპანიები, რომლებიც ვერ თუ არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებებს და დედაქალაქის მთავრობა არ აპირებს ყველაფერზე თვალი დახუჭოს.

„მინდა მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენ გვინდა, რომ ხარისხობრვად მაღალ დონეზე იყოს შესრულებული სამუშაოები და დროულად დაასრულეთ. ხალხის გამოგზავნა, თხოვნები, რომ არ დავაჯარიმოთ, იქნებ დაგვეხმაროთ, არ გამოვა მეგობრებო. ჩვენ ვემსახურებით ქალაქს, ვემსახურებით ხალხს, ამიტომ კეთილი ინებეთ, შეასრულეთ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. არ ვაპირებთ თავი დავუხაროთ ასეთ გადაცდომებს. ამ კონკრეტულ კომპანიას მოუწევს ორივე ქუჩის მოწესრიგება თავისივე ხარჯებით“, – განაცხადა კალაძემ და გლდანის რაიონის გამგებელს დავალება მისცა, მიადევნოს თვალ-ყური, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს და მსგავს შემთხვევებში გამოიყენოს ყველა ბერკეტი, მათ შორის ჯარიმების, რომ მოსახლეობა არ შეწუხდეს.