თბილისის ავტოპარკს 12-მეტრიანი 126 ახალი ავტობუსი შეემატება

420

კომპანია Tegeta Motors-ი დედაქალაქში 126 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანს, – ამის შესახებ ქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების მხარდაჭერით განხორციელდება.

„თქვენ იცით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. გამოყოფილი იყო თანხები და გამოცხადებული იყო 12-მეტრიან ავტობუსებზე შესყიდვა. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გვყავს გამარჯვებული კომპანია – Tegeta Motors-ი, რომელიც ვალდებულია შემოიყვანოს 126 ერთეული BMC-ს მარკის ავტობუსი, რომელიც იწარმოება თურქეთში“, – განაცხადა მერმა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება აწყობა-წარმოება და შემოყვანა დედაქალაქში. კალაძემ აღნიშნა, რომ მერია არსებული ავტოპარკის ჩანაცვლებით არ შემოიფარგლება და დამატებითი ავტობუსების შეძენას აპირებს.

ახალი BMC-ის მარკის ავტობუსები, გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან 28 დასაჯდომი ადგილით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემა. ავტობუსებს გააჩნია, როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, usb-დამტენები, გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება და მგზავრთა ნაკადის ავტომატური მთვლელი სისტემა.