ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება “ქართულ წამლებთან” ბრძოლას აგრძელებს

603

წინა სტატია

ოკუპირებულ ცხინვალში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საქმე აღძრეს 44 წლის ქალის წინააღმდეგ, რომელიც აფთიაქში ყიდდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შეტანილ სამედიცინო პრეპარატებს.

ოსური სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებული ტერიტორიიდან შეტანილი სხვადასხვა დასახელების წამლები ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რეიდის შედეგად აღმოაჩინეს.

დეფაქტო რესპუბლიკის შსს უკვე რამდენიმე კვირაა ატარებს ე.წ. რეიდებს ადგილობრივ აფთიაქებში „ქართულწარწერიანი წამლების“ აღმოსაჩენად.

17 თებერვალს „რესი“ წერდა, რომ „ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებმა ორ აფთიაქში აღმოაჩინეს სამედიცინო პრეპარატები ქართული წარწერებით. ინფორმაციაში მითითებული იყო სულ მცირე ექვსი დასახელების პრეპარატი, მათ შორის – „კოლხური“.

სააგენტო „კომინფი“ წერს, რომ „სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩატარდა, რომელიც ქართული წარმოების მედიკამენტების რეალიზაციის ჩახშობას ისახავს მიზნად“.

ბოლო რამდენიმე კვირაა ცხინვალის რეგიონში სურსათის და სხვა პროდუქციის დეფიციტია, რადგან რუსეთმა გაამკაცრა ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესატანი ტვირთის განბაჟების წესები.