EMC: 2019 წელს ხელისუფლებამ საპატრიარქოს 100 670 კვ.მ. მიწის ფართობი გადასცა

540

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 100 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს.

როგორც EMC-ში ამბობენ, საპატრიარქოს ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის 56 პროცენტი მუსლიმია.

“საქართველოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ 2016-2018 წლებში საპატრიარქოს საკუთრებაში აქტიურად გადაეცემა არამხოლოდ ის მიწის ნაკვეთები, რომელიც მის ისტორიულ საკუთრებას წარმოადგენდა, არამედ, სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული სხვა მიწის ნაკვეთებიც. საპატრიარქოს, უძრავი ქონება საკუთრებაში სიმბოლურ ფასად,  1 ლარად,  ან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა. სახელმწიფო, როგორც წესი, არასოდეს უთითებს, რა მიზნით გადასცემს ქონებას და გადაცემამდე, არც საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, უცნობია  რა ღირებულების უძრავი ქონება გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს ყოველწლიურად,”- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-ს შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული პრაქტიკა არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს.

“ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე. ამასთან, კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით დისკრიმინაციული შინაარსისაა,”- ნათქვამია განცხადებაში.