განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

508

ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარების მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში სამინისტროსა და ათეა-ს შორის თანამშრომლობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით:

• კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
• ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ჩართულობა ახალი კულტურული მარშრუტების შექმნაში, კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
• საინფორმაციო, მეთოდოლოგიური და სხვა სახის ინფორმაციის გაცვლა;
• პარტნიორობა კულტურული ტურიზმის, კულტურული მარშრუტების მიმართულებით საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში;
• საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და ადგილობრივი კულტურული მარშრუტების შექმნაში;
• ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადება, ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და ადგილობრივი კულტურული მარშრუტების მართვის სფეროში.

კულტურული მარშრუტები ევროპის საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. დღესდღეობით ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულია 38 მარშრუტი, პროგრამაში კი გაერთიანებულია 47 სახელმწიფო.

კულტურული მარშრუტები, მასობრივი პროექტების განხორციელების გზით, ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და აძლიერებს მემკვიდრეობასთან წვდომის დივერსიფიცირებულ ფორმებს. მარშრუტების ქსელში ჩართულია 1600-ზე მეტი ინსტიტუცია, რაც ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობებს, ასოციაციებსა თუ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ სუბიექტს შორის სინერგიის საშუალებას იძლევა.

კულტურული მარშრუტების პროგრამას საქართველოში ეროვნულ დონეზე კოორდინაციას უწევს სამინისტრო და მისი ხელშეწყობისათვის აქტიურ კამპანიას ახორციელებს. ორი წლის წინ მიღებულია გადაწყვეტილება, 2021 წელს ევროპული კულტურული მარშრუტების ფორუმის საქართველოში ჩატარების თაობაზე.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.