ქუთაისში მეორადი პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა იგეგმება

1257

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია და ქალაქის ვიცემერი დავით ერემეიშვილი საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის HIP HOLDING-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ქუთაისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი კომპანიის მიერ ქუთაისში დაგეგმილი სამუშაოების განხილვა და შემდგომი თანამშრომლობის დაგეგმვა იყო.

“HIP HOLDING ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მეორადი პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას გეგმავს. ამ მიზნით ქალაქში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 3 000 ადამიანი დასაქმდება”,- აცხადებენ საკრებულოში.

მათივე ცნობით. HIP Holding 2011 წელს ჰოლანდიის ქალაქ არნემში დაარსდა, საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის სამუშაო არეალს წარმოადგენს პლასმასის რესურსების მართვა, დედათა და ბავშვთა კვების და ყოველდღიური ქიმიკატების წარმოება. კომპანიის გაყიდვების და პროდუქციის სააგენტოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ.

“”ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ჩვენი ქალაქისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ბაზარზე საერთაშორისო ინვესტორი კომპანიების შემოსვლა, ამ მხრივ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სახით, რაც ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

დღეს შევხვდით HIP Holding-ის წარმომადგენლებს, პლასტმასის ნარჩენებთნ ბრძოლა არის უდიდესი გამოწვევაა მსოფლიოსთვის, მოხარული ვარ, რომ გარემოზე ზიანის შემცირების აქტივობებთან ერთად, დაგეგმილი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას და ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას“ – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.