ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, „სიტი პარკის“ 6 ათასი ჯარიმა ჩამოიწერება

1184

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლევან ჟორჟოლიანი დღეს გამართულ ბრიფინგზე კომპანია „სიტი პარკთან“ გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 850 ათასი ლარის ღირებულების 6 ათასი ჯარიმა სრულად იქნება ჩამოწერილი.

მისი განმარტებით, 500 ჯარიმა ადმინისტრაციული წესით არის გასაჩივრებული, 21 ჯარიმა სასამართლოს წესით, ხოლო დანარჩენი ჯარიმები უკვე აღსრულებაშია.

„იმის გათვალისწინებით, რომ სტატისტიკურად „სიტი პარკის“ ჯარიმების 60-70% უკანონო იყო, ანუ მას მერია ან სასამართლო ადმინისტრაციული წესით აბათილებდა, ეს ჯარიმები მოქალაქეებს ჩამოეწერებათ. როდესაც „სიტი პარკთან“ მორიგება გაფორმდა, მან მთელი აქტივი გადმოგვცა, მათ შორის ის მოთხოვნები, რომელიც მოქალაქეების მიმართ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ეს მოთხოვნები თბილისის მუნიციპალიტეტზე გადავიდა, თბილისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმართოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით, რათა ამ ჯარიმების ამნისტირება მოხდეს. ანუ, „სიტი პარკის“ მოთხოვნა მოქალაქეების მიმართ 850 ათასი ლარი იყო.

იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ „სიტი პარკსა“ და მერიას შორის მორიგება მოხდა, მთელი აქტივი, მათ შორის მოქალაქეების მიმართ მოთხოვნები თბილისის მერიაზე გადავიდა. ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, რომ ძირითადად „სიტი პარკის“ ჯარიმების 60% უკანონობის გამო ბათილდებოდა, როგორც ადმინისტრაციული, ისე სასამართლოს წესით, ანუ მერია აბათილებდა, ან სასამართლო. შესაბამისად, მიიღეს გადაწყეტილება, რომ 500 ჯარიმა, რომელიც არის ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებული, 21 ჯარიმა, რომელიც არის სასამართლოს წესით გასაჩივრებული და დანარჩენი ჯარიმები, რომელიც უკვე აღსრულებაშია გადასული, მოქალაქეებს ჩამოეწეროთ.

500 ჯარიმა ადმინისტრაციული წესით არის გასაჩივრებული, 21 არის სასამართლო წესით გასაჩივრებული და 5 ათასი უკვე აღსრულებაშია, ანუ უკვე ვეღარ გაასაჩივრებ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 850 ათასი ლარის ღირებულების 6 ათასი ჯარიმა სრულად იყოს ჩამოწერილი“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, ჯარიმების გადახედვა სამართლებრივად შეუძლებელია.

„რაკი გვაქვს სტატისტიკა, რომ მოქალაქეები ისედაც უსამართლოდ ჯარიმდებოდნენ, კეთილი ნება გამოიჩინა მუნიციპალიტეტმა, მიმართავს პარლამენტს ამ ჯარიმების ამნისტირებით შესაბამისი კანონპროექტის შეტანითა და დაინიცირებით. ამის შემდეგ მოხდება ამ ჯარიმების ჩამოწერა და ვფიქრობთ, რომ ეს მოქალაქეების ინტერესებისთვის საკმაოდ პოზიტიური, წინგადადგმული ნაბიჯია“,-განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მათ კომპანია „სიტი პარკთან“ მოლაპარაკება შეძლეს და ამჟამად არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა და არც საარბიტაჟოში აპირებს კომპანია წასვლას. კალაძის განცხადებით, შეთანხმების შემდეგ, მათ კომპანიისგან წამოიღეს პარკირების სისტემის სამართავად ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა და ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება გამოისყიდეს.