თელავში მოსახლეობა, წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, აქციას გეგმავს

560
თელავის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ აქციას გეგმავს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი დანებებას არ აპირებენ და საჭიროების შემთხვევაში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახლთან გადაინაცვლებენ.

,,თელავის მოსახლეობას მოგმართავთ. ორშაბათს, დილის 11 საათიდან დაიწყება აქცია მერიასთან და გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოგვარდება წყლის პრობლემა. აღარანაირი გაჩუმება და კომპრომისზე წასვლა არ იქნება. კავკასიონის ქუჩის მაცხოვრებლები არ გავჩერდებით და თუ საჭირო იქნება, პირადად წყალმომარაგების უფროსის სახლთან დავაღამებთ და გავათენებთ. ნება იბოძონ და მოაგვარონ ეს პრობლემა ქალაქში. მოსპონ უკანონო დაერთებები ბასეინებზე და ხალხს ყოველდღიურად მიაწოდონ წყალი. ვინც იძახით რომ დაიღალეთ და აღარ გსურთ ამ პრობლემის ატანა, შემოგვიერთდით”, – აცხადებენ კავკასიონის ქუჩის მაცხოვრებლები,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თელავის მოსახლეობამ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით , აქცია ერთი თვის წინაც დაანონსა, რასაც შესაბამისი სამსახურიდან რეაგირება მოჰყვა.

წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სასმელი წყლის პრობლემით შეწუხებულმა თელაველებმა სოციალური ქსელით დაანონსნეს.