აუდიტი: მესტიის მუნიციპალიტეტი საკუთარი აქტივის გაცემიდან მისაღები სარგებლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

866

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მესტიის მუნიციპალიტეტი საკუთარი აქტივის გაცემიდან მისაღები სარგებლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარდგენილი მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტი 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, ფლობდა 249 ერთეულ უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთები და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები). მიწის საერთო ფართობი 64 ჰექტარზე მეტია.

“წარმოდგენილი მონაცემებით, მუნიციპალიტეტი ქონების ნაწილს იყენებს საკუთარი საქმიანობისთვის, ნაწილი თავისუფალია, ხოლო დანარჩენი − იჯარის, უზუფრუქტისა და აღნაგობის უფლებით გაცემულია კერძო სამართლის სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებზე”, – წერია აუდიტში.

აუდიტის ინფორმაციით, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტს საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემიდან მიღებული აქვს 221.6 ათასი ლარის შემოსავალი, მათ შორის, 2017 წელს – 65.0 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს – 156.6 ათასი ლარი.

“მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტები. შესაბამისად, ვერ დგინდება რომელი ქონებაა გაცემული და რა პირობებით, როგორ მოხდა ფასის განსაზღვრა და რამდენია მისაღები ქირის ოდენობა. ამასთანავე, ქონების სარგებლობის უფლებით გაცემაზე არ არსებობს საკრებულოს თანხმობები. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ შეისწავლა რამდენად გონივრულად და კანონიერად ხდება ქონების განკარგვა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ქონების მართვისა და განკარგვის პროცესი მესტიის მუნიციპალიტეტში არ კონტროლდება და არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, მუნიციპალიტეტი არ ფლობს ინფორმაციას საკუთარი აქტივის გაცემიდან მისაღები სარგებლის შესახებ. ასევე, გაურკვეველია თუ როდის და რა პირობებში უნდა დაბრუნდეს გაცემული ქონება, რაც წარმოშობს ქონების არასათანადოდ გამოყენების რისკებს.

აუდიტი მიმართავს რეკომენდაციით მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გაცემული აქტივების სრული აღრიცხვა-სისტემატიზაცია, რაც მოიცავს მოსარგებლე პირებთან ხელშეკრულებების გაფორმებას.

“მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინოს ბაზარზე არსებული მდგომარეობა როგორც გადაწყვეტილების მიღების, ისე შემდგომ პერიოდებში შეთანხმების პირობების გადახედვისას, რათა საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ხელი შეუწყოს აქტივების ეფექტიან მართვას, მათ შორის, მაქსიმალური შემოსავლის მიღებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დაადგინოს ქონების გადაცემიდან მისაღები სარგებლის ოდენობა, თუ ასეთი არსებობს და გაატაროს ღონისძიებები მათ ამოსაღებად”, – წერია რეკომენდაციაში.