თბილისში ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდება – პროექტის ღირებულება 20 მილიონ ევრომდეა

814

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია უპრეცენდენტო პროექტზე იწყებს მუშაობას და ეს არის ჭკვიანი შუქნიშნების დამონტაჟება.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით Bus Lane-ები მოეწყობა, მერია იწყებს მუშაობას უპრეცედენტო პროექტზე, რომლის კვლევის შედეგები უკვე ჩაბარებული აქვს მერიას გერმანული კომპანია „კოპას“ მიერ.

„მიმდინარე წელს ჩვენ გამოვაცხადებთ შესყიდვას ჭკვიანი შუქნიშნებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ეტაპზე, რაც საერთოდ ახალ ეტაპზე გადაიყვანს სატრანსპორტო პოლიტიკას. ეს არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ საცობები იმართოს ქალაქში იმ ჭკვიანი სისტემის მეშვეობით, სადაც ადამიანის ჩარევა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, ხოლო ნაკადები გადანაწილდება პროგრამული უზრუნველყოფოის საშუალებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე ინფორმაციით, საბოლოოდ, პროექტის ღირებულება დაახლოებით 15-20 მილიონ ევრომდეა და პროექტის ფარგლებში მთლიანად გადაიარაღდება ყველა კვანძი, ასევე, გამოიცვლება მთლიანად ის აპარატურა, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს ტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებით.

მერის მოადგილის ინფორმაციით, პროექტი 1-2 წელიწადში განხორციელდება.