თბილისის მერია “სიტი პარკისგან” გადმოყოლილ ჯარიმებს ანულებს

550

შემდეგი სტატია

თბილისის მერია “სიტი პარკისგან” გადმოყოლილ ჯარიმებს ანულებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. ჯარიმების მოცულობა 850 ათას ლარს აღწევს.

“ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის”, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, განულდება ის საჯარიმო სანქციებით, რომლებიც აღსრულების ბიუროსთვის არის გადაცემული.

როგორც კალაძე ამბობს, “სიტი პარკის” პერიოდში 1,2 მილიონი ჯარიმა იწერებოდა, ახლა კი ამ რიცხვმა ნახევარ მილიონამდე დაიწია.

თბილისის მერიამ “სიტი პარკს” ექსკლუზიური ხელშეკრულება 2007 წელს გაუფორმა და მას ვადა 2025 წელს გასდიოდა. მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2018 წელს გაწყვიტა და პირგასამტეხლოს სახით 25 მილიონი ლარის გადახდა ეკისრებოდა. მერიაში განმარტავდნენ, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა და ისინი ჯარიმას არ გადაიხდიდნენ.

14 თებერვალს მერიამ განაცხადა, რომ “სიტი პარკთან” დავა შეწყვიტა. მერიის განმარტებით, მათ კომპანიას 4.3 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს, სანაცვლოდ კი “სიტი პარკის” კუთვნილი მატერიალური აქტივები მიიღო, მათ შორის, ევაკუატორები და სამკერდე კამერები.