რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიასა და მიხეილ სააკაშვილს აგინა

903

პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვის გამო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა ელენე ხოშტარიასა და მიხეილ სააკაშვილს აგინა. შეურაცხმყოფელი ტექსტი მან ფეისბუქზე საჯაროდ დაწერა, მოგვიანებით კი კიდევ ერთი პოსტით “უცენზურო სიტყვების გამო” საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს.

18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენაზე ოპოზიციის ლიდერებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა ჰიმნი ჩართეს. სხდომას დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა. ოპოზიციონერები მანდატურმა სხდომათა დარბაზიდან მალევე გაიყვანა. პარლამენტის თავმჯდომარე კი ჰიმნის ჩართვას ღიმილით შეხვდა და თანაგუნდელებს ტაშის დაკვრისკენ მოუწოდა, რასაც დეპუტატები აყვნენ. მუსიკის ფონზე ისმოდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ფრაზა: “ნახეთ საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს. დატოვეთ თუ შეიძლება დარბაზი”.

“ევროპული საქართველოს” დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი მმართველ გუნდს ყოველთვის შეუქმნიან დისკომფორტს.

“ერთადერთი რისი სიმბოლოც ეს ყველაფერი არის საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი. ეს არის ხელოვნური რეალობა, რომელიც უნდათ, რომ შექმნან. რეალობა ქვეყანაში არის სხვა, ადამიანები აპროტესტებენ, ადამიანები ითხოვენ თავისუფალ მართლმსაჯულებას, არჩევნების თავისუფლებას, რომ ხალხი წყვეტდეს ვინ იქნება ამ დარბაზში და არა ბიძინა ივანიშვილი. ყველა შემთხვევაში, როდესაც ეგონებათ, რომ კომფორტულად ჩაიკეტებიან დარბაზში და ხელოვნური, გულისამრევი, არაფრისმთქმელი გამოსვლებით შეიქმნიან კომფორტს, ყოველთვის ექნებათ ეს დისკომფორტი”, — თქვა ელენე ხოშტარიამ.

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტის სხდომებს არ ესწრება. სამშაბათს, 18 თებერვალს, ისინი პარლამენტის გარეთ საპროტესტო აქცია-პიკეტზე იმყოფებოდნენ.