საძოვრებიდან ათეულობით პირუტყვს იპარავენ – თეთრიწყაროში საპროტესტო აქცია გაიმართა

461

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ორშაბათს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივებმა ბოლო პერიოდში გახშირებული ქურდობის ფაქტები გააპროტესტეს. მათი ინფორმაციით, საძოვრებიდან ათეულობით  მსხვილფეხა პირუტყვი იკარგება. მოსახლეობა ხელისუფლებისგან კომპენსაციებს და პოლიციის მხრიდან გამოძიების დროულად წარმოებას ითხოვს.  ამის შესახებ ტვ4 წერს. 

ადგილზე მივიდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე.მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამბობს, რომ პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობა პოლიციის ჩართულობით მიმდინარეობს.

კერძოდ, მისი ინფორმაციით, საძოვრებზე მწყემსები არ არიან და შესაბამისად, საუბარია ამ მიმართულებით მუშაობაზე ან ადგილზე კამერების დამონტაჟებაზე.

რაც შეეხება კომპენსაციებს, მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, კომპენსაციების გაცემას ადგილობრივ მუნიციპალიტეტს კანონი არ ავალდებულებს და ამ კუთხით მოსახლეობის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.