ზუგდიდის მერია აუდიტის დასკვნაზე: დაწყებულია მუშაობა ხარვეზების გამოსწორებაზე

512

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციას, სადაც საუბარია 2017-2018 წლებში სოციალური სახლების მშენებლობისას, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გამოვლენილ ხარვეზებზე, ზუგდიდის მერიაში არ უარყოფენ, მაგრამ აქვე განმარტავენ, რომ შესაბამის სამსახურებს აუდიტის მიერ დასკვნის მომზადებამდეც ჰქონდათ აღმოფხვრაზე მუშაობა დაწყებული. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

როგორც ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ლექსო თოდუამ განუმარტა, სისტემატიურად ახორციელებენ მონიტორინგს, გამოვლენილ ხარვეზ-ნაკლოვანებებზე კი საგარანტიო პირობების ფარგლებში უკვე მიმართეს მშენებელ ორგანიზაციებს, რომლებიც განახორციელებენ შესაბამის სარემონტო სამუშაოებს.

რაც შეეხება ანგარიშში ნახსენებ იმ სამ სოციალურ სახლს, სადაც არავინ ცხოვრობს, მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამიდან ერთში უკვე შესახლდა ოჯახი.

„მანამდე ისინი ელოდებოდნენ შესაბამისი დოკუმენტაციის და პროცედურების მომზადებას. ერთ ობიექტში უახლოესი კვირის განმავლობაში დასრულდება ელექტროენერგიის შეყვანის პროცედურები, რაც უშუალოდ ბენეფიციარის მხრიდან უნდა განხორციელებულიყო, აღნიშნულიც მოგვარდება. ერთ ობიექტთან დაკავშირებით ის ვითრებაა, რომ ბენეფიციარი, რომელიც აკმაყოფილებლდა ამ კრიტერიუმებს, სოციალური სახლის აშენების შემდეგ გახდა შეუძლოდ, დაკარგა მხედველობა. ოჯახში ის მარტოა და ნათესავებთან არის შეფარებული“, – განაცხადა ლექსო თოდუამ.

მისივე სიტყვებით, ოჯახები თუ ვის გადაეცემოდა სოციალური სახლები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომლის შემადგებნლობაშიც არიან, როგორც მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეკითხვაზე, რატომ არ გამოსწორდა ეს ხარვეზები აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებამდე, ლექსო თოდუამ განმარტა, რომ ამაზე მუშაობა გაცილებით ადრე იყო დაწყებული. მისივე სიტყვებით, იმას რაც შენდება ერთ წელიწადში, ვერ გამოასწორებ 10 დღეში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი. შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებები. მათ შორის საუბარია, რომ უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა წარმართა ხარვეზებით, რითაც სრულად არ არის უზრუნველყოფილი პროგრამის ძირითადი ამოცანები.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, მუნიციპალიტეტმა მიწოდების ვადები გაზარდა დაუსაბუთებლად; სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა გამარტივებული ხელშეკრულების ფორმით და ანაზღაურება გასცა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე.