აუდიტი: დუშეთის მუნციპალიტეტმა რეგფონდიდან გამოყოფილი თანხები ვერ აითვისა

525

შემდეგი სტატია

დუშეთის მუნიციპალიტეტმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხებები წლის ბოლომდე ვერ აითვისა, –  ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების შესრულების წლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, 2017- 2018 წლების შემოსულობებმა − 24,092.5 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 22,599.4 ათასი ლარი შეადგინა.

ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში.

აუდიტის ცნობით, 2017 წელს შემოსულობების გეგმის გადაჭარბება გამოიწვია საგადასახადო შემოსავლების 28%-იანმა და სხვა შემოსავლების 54%-იანმა მატებამ. 2018 წელს შემოსულობების გეგმა შესრულდა 99%-ით. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები – 105%-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლების დაგეგმილი მაჩვენებელი 314%-ით. სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან მიღებული ტრანსფერების საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულებამ კი 92% შეადგინა. 2017 წელს გადასახდელების გეგმა შესრულდა 77%-ით. დაგეგმილ პარამეტრებს არ შეესაბამება „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის მაჩვენებელი.

“ნაცვლად 7,327.5 ათასი ლარისა დახარჯულია 4,755.5 ათასი ლარი – გეგმის 65%. გადასახდელების გეგმა შეუსრულებელია 2018 წელსაც. კერძოდ, წლის განმავლობაში დახარჯულია დაგეგმილი თანხის მხოლოდ 67%. რაც შეეხება „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლს, 2018 წელს ადგილი აქვს მხოლოდ 47%-იან შესრულებას და 8,916.4 ათასი ლარის ნაცვლად ათვისებულია 4,225.6 ათასი ლარი. 2017-2018 წლებში გამოიკვეთა გადასახდელების შემცირების ტენდენცია, რაც „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის არასათანადო შესრულებამ განაპირობა”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით გადასახდელების შეუსრულებლობის მაჩვენებელი გაზრდილია.

“დუშეთის მუნიციპალიტეტმა წლის ბოლომდე ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხები. მაგალითად, 2017 წლის აგვისტოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტს გამოეყო 1,000.0 ათასი ლარი. თუმცა წლის ბოლომდე მერიამ ვერ მოახერხა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და თანხის ათვისება. შედეგად, მოსახლეობამ დაგეგმილ ვადებში ვერ შეძლო ინფრასტრუქტურული პროექტებით სარგებლობა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ინფორმაცია ზოგიერთი შეუსრულებელი პროექტის შესახებ მოცემულია ცხრილში №2