სასამართლომ ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას, პატიმრობა გირაოთი შეუცვალა

654

წინა სტატია

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილ მერ ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დაცვის მხარის თქმით, საქმეში არსებული ყველა მოწმე უკვე გამოკითხულია და შესაბამისად, მათზე ზემოქმედების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ირაკლი კაკულიას 50 000 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ზურაბ ყურუა, ნიკოლოზ გრიგოლია და ლევან ჩოჩია კი, 30-30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 8 ნოემბერს სამი მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია იყო.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.