ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 16 500 სამუშაო ადგილი შეიქმნა

415

პროგრამამ „აწამოე საქართველოში“ შეიძინა ძალიან ბევრი მომხრე და მხარდამჭერი, ის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ ბიზნესმენებს შორის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღიდან ამოქმედებისა, 2014 წლიდან მოყოლებული, პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, 6200-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მიკროგრანტები და შეძლო მცირე საოჯახი ბიზნეს საქმიანობის დაწყება მთელი საქართველოს მასშტაბით.

1 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ამ პროგრამის მხარდაჭერით. რაც მთავარია შეიქმნა 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი მთელ საქართველოში, ქალაქებსა და რეგიონებში. 2019 წელი მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკისთვის იყო პოზიტიური, რადგან ჩვენი ეკონომიკა გასულ წელს გაიზარდა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევისა და პრობლემისა. ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის ბევრ ქვეყანას განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა. მე ბედნიერი ვარ, რომ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს ჩვენი პროგრამის ბენეფიციარებმა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.