აუდიტი: სიღნაღის სოფელ ბოდბეში ბაღის მშენებლობა არაკვალიფიციურად შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამო ვერ დასრულდა

830

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სიღნაღის სოფელ ბოდბეში ბაღის მშენებლობა არაკვალიფიციურად შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამო ვერ დასრულდა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ 2017-2018 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა სამუშაოსშესასრულებლად მიმწოდებლებისგან შეისყიდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის:

2017 წელს ი/მ გიორგი კობალაძისგან შეიძინა სოფ. ქვემო ბოდბის საბავშო ბაღის შენობისა და ეზოს კეთილმოწყობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ღირებულებით − 5.2 ათასი ლარი.31  2018 წელს ი/მ გურამ მაისურაძისგან შეიძინა, ქ. სიღნაღში დენდროლოგიური პარკის კეთილმოწყობისა და ქ. წნორში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ღირებულებით 5.9 ათასი ლარი. მერიის დაკვეთით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებს ექსპერტიზა ჩაუტარა შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა“ და გასცა დადებითი დასკვნა.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების შემოწმებით დადგინდა შემდეგი გარემოებები: სოფ. ბოდბის საბავშვო ბაღის მშენებლობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წლის 14 აგვისტოს განხორციელდა სოფ. ბოდბის საბავშვო ბაღის მშენებლობის შესყიდვა.

ანგარიშის მიხედვით, ხელშეკრულება გაფორმდა ამხანაგობა „აი თი ემ-თან“, ღირებულებით − 527.0 ათასი ლარი. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 11 იანვარს.

“აღნიშნული საკითხის შესწავლით გამოვლინდა, რომ პროექტი იყო უხარისხო, რის გამოც მშენებლობის პროცესში ხელშეკრულებაში შევიდა 5 ცვლილება. ყველა მათგანი ეხებოდა ხარჯთაღრიცხვის კორექტირებას, რადგან აღნიშნული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია არ ასახავდა მშენებლობის პროცესის ფაქტობრივ მდგომარეობას”, – წერია ანგარიშში.

კერძოდ, აუდიტის მიხედვით, შენობის ფუნდამენტის კორექცია არ შეესაბამებოდა არსებულ რელიეფს და გეოლოგიურ მდგომარეობას; როექტის მიხედვით მოსაწყობი იყო ლიფტის შახტა, თუმცა ხარჯთაღრიცხვით არ იყო გათვალისწინებული ლიფტის მოწყობილობა; პროექტში არ იყო დატანილი კარ-ფანჯრების ღიობების ზომები; ნახაზების მიხედვით ვერ ირკვეოდა პირველსა და მეორე სართულს შორის დამაკავშირებელი კიბის მიმართულება და გეომეტრიული ზომები და სხვ.

“აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური ეყრდნობოდა ექსპერტიზის
დასკვნას, ამასთანავე, უხარისხოდ შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის გამოსავლენად არ ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს. შედეგად, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა ვერ უზრუნველყო გამოევლინა პროექტში არსებული ხარვეზები და ჩაიბარა არაკვალიფიციურად შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

ხარჯთაღრიცხვის პერიოდული ცვლილება იწვევდა სამუშაოების ვადების გადაწევას, შესაბამისად, საბოლოო დასრულების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 8 მაისი, ხოლო მოქმედების ვადად − 2019 წლის 1 დეკემბერი. 8 მაისის შემდეგ კი, ამხანაგობა „აი თი ემ-ს“ ვადის დარღვევის გამო უნდა დარიცხვოდა პირგასამტეხლო. ამასთანავე, მიმწოდებელზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურებულია 375.5 ათასი ლარით, მათ შორის, 8 მაისის შემდეგ − 200.9 ათასი ლარით”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

მიუხედავად ამისა, აუდიტის ინფორმაციით სიღნაღის  მუნიციპალიტეტს პირგასამტეხლოს თანხების მისაღებად (რომელიც 2019 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 7.2 ათას ლარს) შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.

2019 წლის 10 ოქტომბერს აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა სოფელ ბოდბის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი. დათვალიერების შედეგად
აღმოჩნდა, რომ შენობა დაუსრულებელია და მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები.

როგორც აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, წარდგენილი დოკუმენტაციით სოფ. ბოდბის საბავშვო ბაღის მშენებლობის დაუსრულებლობის მიზეზს წარმოადგენს, არაკვალიფიციურად შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ხარვეზების გამოსავლენად მერიის ზედამხედველობის სამსახურის არასათანადო მიდგომა. შედეგად პროექტი დაუსრულებელია და მოსახლეობა ვერ სარგებლობს ობიექტის მომსახურებით.