აუდიტი: კომპანიას, რომელსაც სიღნაღის ორი ქუჩის რეაბილიტაცია ევალებოდა, 118 400 ლარის სამუშაოები არ დაუსრულებია

703

წინა სტატია

შემდეგი სტატია

კომპანიას, რომელსაც სიღნაღის ორი ქუჩის რეაბილიტაცია ევალებოდა, 118 400 ლარის სამუშაოები არ დაუსრულებია, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ტექნომშენ ჯგუფს“ შორის ქ. სიღნაღში, მოსულიშვილის და მოსაშვილის ქუჩების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელშეკრულება გაფორმდა, თანხით − 249.1 ათასი ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო. თუმცა, აუდიტის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში ხელშეკრულებაში 3 ცვლილება შევიდა, რის საფუძველზეც მიმწოდებელს სამუშაოების შესრულების ვადა 30 აპრილამდე გაუგრძელდა, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა − 2019 წლის 1 აგვისტომდე, მიზეზად კი უამინდობა დასახელდა. მიუხედავად ამისა, შემსრულებელმა ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება.

“წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, აუდიტის მიმდინარეობისას მიმწოდებელს შესრულებული ჰქონდა 130.7 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო, რაც ანაზღაურებულია მუნიციპალიტეტის მიერ, ხოლო შესასრულებელი დარჩა 118.4 ათასი ლარის სამუშაო.

აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ, მუნიციპალიტეტმა, სამუშაოების არაჯეროვანი შესრულებისა და გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო, მიმწოდებელს საჯარიმო სანქცია 9.3 ათასი ლარი დაარიცხა, რომელიც არ არის გადახდილი; ასევე, მიმართა სააგენტოს
მიმწოდებლის ე.წ. შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ  შპს „ტექნომშენ ჯგუფს“ წარმოდგენილი ჰქონდა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თანხით − 12.5 ათასი ლარი, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრებოდა 2019 წლის 2 მაისამდე.

“აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების დროს, მუნიციპალიტეტმა შემსრულებელს მოსთხოვა პარალელურად შეცვლილი ვადების შესაბამისად წარმოედგინა ახალი საბანკო გარანტია, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი მიმწოდებელს არ წარმოუდგენია. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს საბანკო გარანტიის მისაღებად სხვა სამართლებრივი ღონისძიებები არ გაუტარებია”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის ცნობით, მერიამ 12.5 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ტექნომშენ ჯგუფს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შეუსრულებელი დარჩა 118.4 ათასი ლარის სამუშაო. ხოლო მიმწოდებლის მიზეზები, რის გამოც დროულად ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, არ არის სათანადოდ არგუმენტირებული. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ქმედებით თუ უმოქმედობით, დაკარგა საბანკო გარანტიის შესაბამისი თანხის 12.5 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა.