ბათუმში, თამარის დასახლებაში ბარაკული ტიპის სახლის ნაწილი ჩამოიშალა

986

ბათუმში, თამარის დასახლებაში, 20-მდე ოჯახი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობს. ბარაკული ტიპის შენობა იმდენად ამორტიზებულია, რომ თოვლს ვერ გაუძლო და საცხოვრებელის ნაწილი ჩაინგრა. რა ბედი ელით მოქალაქეებს, ან როგორ აპირებს სახელმწიფო მათ დახმარებას?  ამ თემაზე რეპორტაჟს ტვ25 ავრცელებს.

რეპორტაჟში ნათქვამია, რომ შენობის ნაწილი ორშაბათს დიდთოვლობის შედეგად ჩამოიშალა. სოციალურად დაუცველი იგორ ხუმეიანი, რომელი სახლში მარტო ცხოვრობს, აცხადებს, რომ ღამის გათევა საფრთხის შემცველ გარემოში მოუწევს.

შენობაში 20-მდე ოჯახი ცხოვრობს. ობიექტი ძველი და ამორტიზებულია, კედლები – დაბზარული, შესასვლელები  – ავარიული.

მოსახლეობამ დახმარების თხოვნით  ბათუმის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

პრობლემაზე საუბრობს უმიან საგინაძეც. მისი თქმით, სახლში რომ გაუსაძლისი პირობებია შექმნილი. უამინდობისას შენობაში წვიმა ჩადის. დიდთოვლობის დროს კი იქ გაჩერება შეუძლებელია.

პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან ბათუმის მერიაში, თუმცა, როგორ უნდა გადაჭრან – ამაზე პასუხი არ აქვთ. თამარის ადმინსტრაციულ ერთეულში ტვ25-ს უთხრეს, რომ ავარიული  შენობის რეაბილიტაციაზე თანხის ხარჯვა არ ღირს.

აშენდება თუ არა ახალი კორპუსი ძველის ნაცვლად, ან რა ბედი ელით აქ მცხოვრებლებს – მერიას კითხვაზე პასუხი ჯერ ჯერობით არ აქვს.