აუდიტი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაცემული მასალის 66% მოსახლეობამ ვერ გამოიყენა

582

შემდეგი სტატია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაცემული მასალის 66% მოსახლეობამ ვერ გამოიყენა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვით 4 ხელშეკრულება გააფორმა, ღირებულებით − 282.6 ათასი ლარი. ხელშეკრულებების ფარგლებში მიმწოდებლებმა მუნიციპალიტეტს მიაწოდეს საცხოვრებელი სახლის სახურავის მასალები: თუნუქის ფურცლები, ხის მასალა და აზბესტცემენტის შიფერი.

ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ აღნიშნული მასალები მუნიციპალიტეტმა მოსახლეობას გადასცა, რომელსაც საკუთარი ძალებით უნდა შეეკეთებინა დაზიანებული სახურავები მუნიციპალიტეტის მიერ, მოსახლეობაზე სამშენებლო მასალების გადაცემა წარმოშობს რისკს იმისას, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის არქონის პირობებში, მოსახლეობა ვერ უზრუნველყოფდა დაზიანებული სახურავების აღდგენას.

“აღნიშნული დადასტურდა ფაქტობრივი გარემოებებით. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 198 მოსახლეზე გადაცემული სამშენებლო მასალები 125-ს არ გამოუყენებია და დასაწყობებული აქვთ: 12.3 ათასი კვ.მ თუნუქი, თანხით − 154.4 ათასი ლარი (მიღებულის 69.6%);  0.9 ათასი კვ.მ აზბესტცემენტის შიფერი, თანხით − 7.0 ათასი ლარი (მიღებულის 49.6%);  48 კუბ.მ ხის მასალა, თანხით − 26.3 ათასი ლარი (მიღებულის 56.1%). სულ გამოუყენებელია მოსახლეობაზე გაცემული 187.7 ათასი ლარის სამშენებლო მასალა”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნის მიხევდით, 2017-2018 წლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ, მოსახლეობისათვის გადაცემული საცხოვრებელი სახლების სახურავის სამშენებლო მასალის უმეტესობა (66%) არ არის გამოყენებული. მოსახლეობამ საკუთარი ძალებით, პრაქტიკულად ვერ შეძლო მასალის მოხმარება და შესაბამისად, სტიქიის შედეგები ვერ იქნა ლიკვიდირებული. ამდენად, მუნიციპალიტეტმა ვერ შეიმუშავა ისეთი სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფდა სტიქიის შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის სრულად აღმოფხვრასა და საბოლოო მიზნის მიღწევას.

სახლმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს ჩხოროწყუს მერიას საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომლითაც შესაძლებელი იქნება სტიქიის შედეგების ოპერატიული და მაქსიმალური აღმოფხვრა; აგრეთვე შეიმუშაოს და დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას.

“მერიამ შეისწავლოს დასაწყობებული სამშენებლო მასალების მდგომარეობა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისთვის”, – ნათქვამია აუდიტის რეკომენდაციაში.