დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები მაღალმთიან აჭარაში

612

უამინდობის შედეგად პრობლემებია მაღალმთიან აჭარაში. გზები სოფლებში გაუწმენდავია, მძიმე ტექნიკა კი იქ ჩნდება, სადაც მედია მიდის. მოქალაქეები  დახმარებას ითხოვენ,  ხალხი  უხვი ნალექით გამოწვეულ დისკომფორტზე  საუბრობს, შესაბამის უწყებებში  კი ამტკიცებენ, რომ სათანადოდ მუშაობენ. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ ახალშენში თოვლის საფარი დაბაში – 30 სმ, ხოლო მაღლობში – 60 სანტიმეტრს აღწევს.

ახალშენში დიდთოვლობის შემდეგ გზა გაწმენდილი არ არის და მოქალაქეებს მოყინულ ზედაპირზე გავლა უჭირდათ. იმის გამო, რომ თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღემატებოდა, მიკროავტობუსის მძღოლები ვერ გადაადგილდებოდნენ.

სოფელში მცხოვრებლები ყვებიან, რომ დიდთოვლობის დროს მოსწავლეებს სკოლაში მისვლა გაუჭრდათ, ამიტომ სკოლაში დაბალი დასწრება იყო. ანალოგიური მდგომარეობაა საბავშვო ბაღებში.

დიდთოვლობის დროს სოფელს ელექტროენერგიაც შეფერხებით მიეწოდებოდა. ადგილობრივებს ჩაბნელებულ სახლებში ყოფნა რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდათ.

მედია წერს, რომ ახალშენში არა, თუმცა მეზობელ სოფელში სპეცტექნიკა მას შემდეგ მივიდა, რაც TV 25-ის გადამღები ჯგუფი ადგილობრივთა პრობლემებით დაინტერესდა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საჩვენებლად ზედა წინსვლაში ტრაქტორი მიიყვანა და იმის დარწმუნებას შეეცადა, რომ გზები ინტენსიურად იწმინდება.

როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, TV 25-ს აჭარის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან უკავშირდებოდნენ. ადგილობრივთა მტკიცებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სათანადოდ არ მუშაობს. მათივე ინფორმაციით, შიდა სასოფლო გზები უმეტეს შემთხვევაში არ იწმინდება.