აუდიტი: ლანჩხუთის მერიამ პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია არასამართლიანად მიანიჭა

596

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ლანჩხუთის მერიამ პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია არასამართლიანად მიანიჭა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს ადმინისტრაციულ ერთეულებში სახურავების შეკეთების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით − 86.2 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობდა ორი პირი და ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა შპს „გუდა-1979-მა“ − 70.0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა პრეტენდენტს მიმართა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების თაობაზე, მათ შორის, უნდა წარმოედგინა ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ტენდერზე საბოლოოდ დაფიქსირებულ თანხასთან.

დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ კი, კომისიამ პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია იმ მოტივით მიანიჭა, რომ დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის ერთ-ერთ პუნქტში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა გაზრდილი იყო საპროექტო მონაცემებთან შედარებით. აღნიშნული უზუსტობა პრეტენდენტს დაშვებული ჰქონდა თავდაპირველად წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაშიც”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, მოქმედი კანონმდებლობით, სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნისას, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო გადაემოწმებინა ხარჯთაღრიცხვაში წარმოდგენილი მონაცემები და შეუსაბამობის შემთხვევაში, კონკრეტულად მიეთითებინა პრეტენდენტისთვის დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ, რაც სატენდერო კომისიას არ განუხორციელებია.

ტენდერში საბოლოოდ გაიმარჯვა შპს „ჰაუს-ტოპი 2009-მ“ და გაუფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით − 79.4 ათასი ლარი, რაც 9.4 ათასი ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასს.

“პრეტენდენტის არასამართლიანი დისკვალიფიკაციის შემთხვევა, ასევე, დაფიქსირდა 2018 წელს გამოცხადებულ საჭადრაკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 86.4 ათასი ლარი იყო.

ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა შპს „გუდა-1979-მა“ − 74.4 ათასი ლარი.31 სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების გარეშე იმ მოტივით მისცა, რომ ხარჯთაღრიცხვის ერთ-ერთ პუნქტში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა გაზრდილი იყო საპროექტო მონაცემებთან შედარებით. ვინაიდან ხარჯთაღრიცხვის კორექტირებით შესყიდვის ღირებულება არ იზრდებოდა, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო მიემართა პრეტენდენტისთვის დოკუმენტაციის დაზუსტებაზე”, – ნათქვამია აუდიტში.

საბოლოოდ, ტენდერში გაიმარჯვა შემდეგმა პრეტენდენტმა, შპს „დიდგორმა“ − შეთავაზებით 85.0 ათასი ლარი, რაც 10.6 ათასი ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერიამ, შესყიდვების განხორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. შემსყიდველმა ორგანიზაციამ პრეტენდენტების მიმართ გამოიყენა არასამართლიანი მიდგომა. ამასთან, სატენდერო კომისიამ დაარღვია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, სათანადოდ არ შეისწავლა სატენდერო დოკუმენტაცია, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ყველაზე დაბალი ფასის მქონე
პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია.

ამასთან, შესყიდვების პროცესის არასწორად წარმართვის გამო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20.0 ათასი ლარი დაიხარჯა არაეკონომიურად.

აუდიტის სამსახური მიმართავს რეკომენადაციით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართოს ისე, რომ უზრუნველყოს პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი და ერთგვაროვანი მიდგომა. ყურადღება გაამახვილოს და სათანადოდ შეისწავლოს დაბალფასიანი პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რათა არ დაუშვას კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, აუდიტი მოუწოდებს  მუნიციპალიტეტს შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები.