აუდიტი: წალკაში 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 1 მილიონი დაიხარჯა, თუმცა, არც ერთ მათგანში სასწავალო პროცესი არ დაწყებულა

729

წინა სტატია

შემდეგი სტატია

წალკის მუნიციპალიტეტმა ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 1 მილიონამდე ლარი დახარჯა, პროექტები დასრულდა 2017-2018 წლებში, თუმცა, არც ერთ მათგანში სასწავლო პროცესი არ დაწყებულა.

აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში კი ოთხივე ბაღში მთავარ პრობლემას წარმოადგენს გათბობის სისტემის გაუმართაობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საჭირო ტემპერატურის შექმნას, – ამის შესახებ  წალკის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტში წერია, რომ აუდიტის სამსახურმა წალკის მუნიციპალიტეტში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები შეისწავლა და პრობლემები გამოავლინა.

უხარისხოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტებ

აუდიტის ჯგუფმა 2019 წლის 2-3 ოქტომბერს დაათვალიერა წალკის მუნიციპალიტეტში შესრულებული პროექტები. შედეგად გამოვლინდა, რომ სამუშაოების ნაწილი დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას, მაგალითად:

  • 2017 წელს, მუნიციპალიტეტმა შპს New Road-ისგან შეისყიდა ქალაქ წალკაში აიდინოვის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები, ღირებულებით − 276 100 ლარი, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ასფალტბეტონის საფარი და ბეტონის გვერდულები. მუნიციპალიტეტმა სამუშაოები ჩაიბარა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ხარისხის დასადასტურებლად გაცემულია ლაბორატორიული დასკვნები, თუმცა მასალათა ნიმუშები, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარდგენილი იყო მიმწოდებლის მიერ. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ მოწყობილ გზის მნიშვნელოვან მონაკვეთზე დაზიანებულია გვერდულები (ბეტონი დაშლილია).

გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევისა, დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მოწყობილი საბავშვო ბაღები, ღირებულებით − 1,006.7 ათასი ლარი, დაზიანებულია და აღენიშნება ხარვეზები. კერძოდ, დაზიანებულია შენობის ფასადი, გათბობის ქვაბი, იატაკი და ჭერი, დაბზარულია კედლები და სხვ.

ასევე, ხელშეკრულების ფარგლებში 327.4 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაზიანებულია და აღინიშნება ხარვეზები. კერძოდ, მინისტადიონებზე დაზიანებულია ღობე, კალათბურთის ფარები და კარები, მოწყობილი საპირფარეშოები არ ფუნქციონირებს, დაზიანებულია კარი და ონკანები და სხვ.

აღნიშნული დაზიანებები შესაძლოა გამოწვეული იყოს მოსახლეობის მიერ არასწორი ექსპლუატაციით (მექანიკური დაზიანებით). ასეთ შემთხვევაში, მერია ვალდებული იყო, ზარალის ანაზღაურებისა და მომავალში ანალოგიური ქმედებების თავიდან აცილების მიზნით, გაეტარებინა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია.

“მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა კონტროლის პროცედურები წარმართეს ისე, რომ შედეგად მიიღეს უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. ასევე მერიას არ შეუსწავლია დაზიანების გამომწვევი მიზეზები, არ გამოუვლენია პასუხისმგებელი პირები და დაზიანებების აღმოფხვრის/პრევენციის მიზნით არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები,”- წერია აუდიტის დასკვნაში.

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტებ

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, წალკის მუნიციპალიტეტში 2019 წლის მდგომარეობით ფუნქციონირებს 3 საბავშვო ბაღი. არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მერიამ 2017 წელს განახორციელა შესყიდვები 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე, კერძოდ:

  • სოფელ კიზილ-კილისასა და სოფელ კოხტაში ბაღების მშენებლობა, ღირებულებით − 280.9 ათასი ლარი და 289.0 ათასი ლარი (გათვლილი, შესაბამისად, 60-60 ბავშვზე);
  • სოფელ არწივანის და სოფელ ავრანლოს ბაღების რეაბილიტაცია, ღირებულებით − 309.6 ათასი ლარი და 106.6 ათასი ლარი (გათვლილი, შესაბამისად, 90 და 30 ბავშვზე).

სოფელ არწივანსა და სოფელ ავრანლოში მდებარე ობიექტებზე მერიამ საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტები გააფორმა 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ხოლო სოფელ კოხტასა და კიზილ-კილისას ბაღებზე 2018 წლის აგვისტოში.

მიუხედავად ამისა, ბაღებს ფუნქციონირება არ დაუწყია და 2019 წლის მდგომარეობით სასწავლო პროცესი არცერთ მათგანში არ მიმდინარეობს.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, საჭირო ინვენტარისა და ელექტროტექნიკის შესყიდვა ეტაპობრივად განხორციელდა 2018-2019 წლების განმავლობაში. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში კი ოთხივე ბაღში მთავარ პრობლემას წარმოადგენს გათბობის სისტემის გაუმართაობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საჭირო ტემპერატურის შექმნას. მერიამ ამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას მიმართა 2019 წლის ნოემბერში, თუმცა მიმწოდებლის მხრიდან 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით რეაგირება განხორციელებული არ არის.

„მერიის მიერ საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი, კერძოდ, პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლის ეტაპები წარიმართა ხარვეზებით. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 986.1 ათასი ლარი და პროექტები დასრულდა 2017-2018 წლებში, არცერთ მათგანში სასწავლო პროცესი არ დაწყებულა, 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით ისინი არ ფუნქციონირებენ. აღნიშნულით ზიანი ადგება მოსახლეობის ინტერესებს. ამასთანავე, მიმწოდებლის მიმართ არ არის გატარებული სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფდა დაფიქსირებული ხარვეზების დროულად და სრულად აღმოფხვრას,“ – წერია აუდიტის დასკვნაში.

სარიტუალო სახლების მშენებლობა

აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სხვადასხვა სოფელში სარიტუალო სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. აუდიტის ჯგუფმა 2019 წლის 2-3 ოქტომბერს დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები, რომლებიც ითვალისწინებდა შენობების ნაწილობრივ რეაბილიტაციას. შედეგად გამოვლინდა, რომ მიმწოდებლებმა შეასრულეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა მერიას შემდეგი ეტაპების შესყიდვა აღარ განუხორციელებია, სარიტუალო შენობების ნაწილი დაუსრულებელია და არ ფუნქციონირებს.


„პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სარიტუალო დარბაზების დასრულება ვერ მოხერხდა, რადგან გამოყოფილი ფინანსური რესურსი არ იყო საკმარისი. თუმცა მერიას თავიდანვე უნდა განესაზღვრა პროექტების რეალური საჭიროება, ღირებულება და დაფინანსების წყარო.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს 2017-2018 წლებში გააჩნდა ფინანსური სახსრები, თავისუფალი ნაშთის სახით. შესაბამისად, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, შეეძლო აღნიშნული ფინანსური რესურსი მიემართა სამუშაოების დასასრულებლად,“- წერია დოკუმენტში.

აუდიტის დასკვნაა, რომ მუნიციპალიტეტმა სარიტუალო სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დაგეგმა იმგვარად, რომ ობიექტების მშენებლობა დასრულებულიყო დროულად. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების შესასრულებლად ჯამში გადაიხადა 94.5 ათასი ლარი, მიუხედავად ამისა, სამუშაოები დაუსრულებელია და მოსახლეობა ვერ სარგებლობს.