აუდიტი: წალკის მოსახლეობის დიდ ნაწილს სასმელად ტექნიკური წყალი მიეწოდება

774

შემდეგი სტატია

წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც წყლის სისტემების რეაბილიტაციაში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა, მოსახლეობის დიდ ნაწილს სასმელად ტექნიკური წყალი მიეწოდება, – ამის შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ირკვევა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას რიგ შემთხვევაში წყალი გრაფიკით მიეწოდება ან უმრავლეს შემთხვევაში მიეწოდება ტექნიკური წყალი.

პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა,  მერიას მისი მოგვარების მიზნით სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია და არც სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული პრობლემის გამოსასწორებლად

დოკუმენტში წერია, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია. ამ მიმართულებით 2017-2018 წლებში, დაახლოებით, 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აუდიტის ჯგუფმა, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით და შესრულებული პროექტების ვიზუალური დათვალიერებით, შეისწავლა წყლის სისტემების ზოგადი მდგომარეობა მუნიციპალიტეტში.

მუნიციპალიტეტში მცხოვრები 6 697 ოჯახიდან წყალი მუდმივად მიეწოდება 5 305 ოჯახს, გრაფიკით − 1 062 ოჯახს, ხოლო შეფერხებით − 330 ოჯახს. წყლის სისტემები მოწყობილია ქალაქ წალკაში, 3 დაბასა და 40 სოფელში.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ წალკასა და 8 სოფელს სასმელი წყლით უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. დანარჩენი სოფლების მოსახლეობას წყალი მიეწოდება სხვადასხვა დროს მოწყობილი წყლის სისტემებით, რომელთა გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ − წალკის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სამსახური, რომელიც არ ფლობს კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას.

აღნიშნულ სისტემებზე გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო, წყალი არ იწმინდება და მოსახლეობას მიეწოდება ტექნიკური წყალი.

მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, წყლის ლაბორატორიული შემოწმება ხდება მხოლოდ ახალი ჭაბურღილის ან ახალი სათავე ნაგებობის მოწყობის დროს, ერთჯერადად. სხვა შემთხვევებში კი მოსახლეობისათვის მიწოდებული სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი არ ხორციელდება. შესაბამისად, არ არის დადასტურებული სასმელი წყლის უსაფრთხოება და უვნებლობა.

„მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, არ გატარებულა სათანადო ღონისძიებები, მოსახლეობისათვის სასმელად ვარგისი წყლის მისაწოდებლად. აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტს შეეძლო თავისუფალი ნაშთის სახით არსებული ფინანსური რესურსის ეფექტიანი დაგეგმვითა და გამოყენებით, რაც არ განუხორციელებია,“- წერია ანგარიშში.

აუდიტის დასკვნაა, რომ მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ამასთანავე, უმრავლეს შემთხვევაში მიეწოდება ტექნიკური წყალი. პრობლემა სისტემურია, თუმცა მერიას მისი მოგვარების მიზნით, სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია და ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმაც არ აქვს შემუშავებული.