წყლის სისტემა, სანიაღვრე არხი, გაბიონი – 1.7 მილიონი ლარის დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

641

შემდეგი სტატია

სამუშაოების მონიტორინგის, მიღება-ჩაბარების, მოვლა-პატრონობისა და საგარანტიო ვადის ეტაპზე არსებული მართვის სისუსტეების გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ინფრასტრუქტურული პროექტები და საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად იხარჯება, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის 22 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გაუფორმა შპს „სამკუთხედს“, ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, გულიანიდან სუფსის სარკინიგზო გადასასვლელამდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისთვის, სახელშეკრულებო ღირებულებით − 3.0 მლნ ლარი. პროექტი ერთფენიანი ასფალტის მოწყობას გულისხმობდა, რომელიც უნდა 2017 წლის 30 ნოემბერს დასრულებულიყო. მიმწოდებელმა სამუშოები 2017 წლის 28 ნოემბერს დაასრულა. ექსპერტიზის დასკვნით და ინსპექტირების ჯგუფის მიერ კი დადასტურდა, რომ სამუშაოების ხარისხიანად შესრულება.

“მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები და მიმწოდებელს აუნაზღაურა
2,995.8 ათასი ლარი. 2019 წლის ოქტომბერში კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა აღნიშნული პროექტი. გამოვლინდა, რომ ასფალტის საფარი რამდენიმე მონაკვეთზე მნიშვნელოვნადაა დაზიანებული”, – ვკითხულობთ აუდიტში.

გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევისა, დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ დაზიანებულია 1,730.5 ათასი ლარის ღირებულების შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ: სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მოწყობილი გზის საფარი, 13 წყალსადენის სისტემა, 14 ბეტონის საყრდენი კედელი, 15 სანიაღვრე არხი, 16 გაბიონი,17 სკვერში მოწყობილი ფილები, 18 საჭიდაო დარბაზის კედლები და ჭერი, ასევე, დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს მდინარე სუფსაზე მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობა.

ცნობისთვის, აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მიერ ჩაბარებულია სრულად. გარდა ამისა, ამ სამუშაოების მოცულობები და ხარისხი დადასტურებულია შპს „რეალექსპერტის“, შპს „არდას“, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფის დასკვნებით.

“მიუხედავად იმისა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი დადასტურებულია ექსპერტიზით, აუდიტის ჯგუფის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას, რაც მიანიშნებს ხარისხის პრობლემაზე. დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდათ მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებში უნდა მომხდარიყო არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება.

ობიექტებზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, აღნიშნული 14 შემთხვევიდან 5 შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა მიმართა მიმწოდებლებს, თუმცა მათ დაზიანებები არ გამოუსწორებიათ, ხოლო დამატებითი ღონისძიებები, მერიას არ გაუტარებია.

აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხის შესწავლის შემდგომ, მუნიციპალიტეტმა არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით მიმწოდებელს დამატებით 4 ობიექტზე მიმართა. 5 შემთხვევაში, მერიას არ განუხორციელებია სათანადო რეაგირება”, – წერია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობის შესახებ მერიის დროულ ინფორმირებას. ასევე,

მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, საგარანტიო პერიოდში პროექტების კონტროლზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, მათ მიმართ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია.

“მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეიმუშაოს დადანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები.

ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას”, – ნათქვამია აუდიტის რეკომენდაციაში.

როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტი ვალდებულია შეისწავლოს ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობა და შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, დაადგინოს დაზიანებების გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს საგარანტიო პერიოდში პროექტების კონტროლზე პასუხისმგებელი პირები და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.