ქრთამის აღების საქმეზე დაპატიმრებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ივანეიშვილი პრემიერმინისტრს მიმართავს

953

შემდეგი სტატია

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე მსჯავრდებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ივანეიშვილი პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას ციხიდან მიმართავს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ყოფილი თანამდებობის პირი მის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენზე საუბრობს და სასამართლოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს.

„ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მას „სასიკვდილო განაჩენი“ – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა – ცრუ ჩვენების საფუძველზე გამოუტანეს. გრიგოლ ივანეიშვილი გიორგი გახარიას მოუწოდებს, მონიტორინგი განახორციელოს მის საქმეზე, რომელსაც ახლა სააპელაციო სასამართლო იხილავს.

„ბატონო პრემიერ მინისტრო, თქვენ მოგმართავთ ადამიანი, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მომესაჯა და იმავდროულად, დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში. ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩემს წერილს, რომელიც საკმაოდ ვრცელია და მისი პირველი ნაწილი ჩემს მიმართ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას ეხება, ხოლო წერილის მეორე ნაწილში ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მინდა დაგანახოთ ჩვენს ქვეყანაში და მის მმართველობით სისტემაში ვერაღმოფხვრილი მანკიერი ტენდენციები, რომლებიც სისტემურ პრობლემებს ქმნიან, როგორც ცალკეული რეგიონების, ასევე ზოგადად ქვეყნის განვითარებაში. რამდენიმე თვის წინ მე თქვენ მოგმართეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემს მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურის მიერ განხორციელდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც წამიყენეს ბრალი ს/ს 338 მუხლით. მე გთხოვდით, დაინტერესებულიყავით ამ მოდელირებული საქმით. მე უკანასკნელ მომენტამდე მქონდა იმის იმედი, რომ სასამართლო გამოიჩენდა თუნდაც მინიმალურ ობიექტურობას ჩემს საქმესთან დაკავშირებით.

მე მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი ქალაქისა და ქვეყნის სამსახურში გავატარე. ჩემს ქალაქში განვახორციელე მილიონობით ლარის ინვესტიცია, ბიზნესის თვალსაზრისით, უაღრესად რისკის შემცველ საკურორტო და ტურისტულ- ინფრასტრუქტურულ პროექტებში; ქუთაისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში 33 წლის განმავლობაში ჩემი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა ახალგაზრდა თაობის ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტ მოქალაქეებად ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ვარ 62 წლის და მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი – 12 წელი თავისუფლების აღკვეთა – მომესაჯა, საქართელოს მოქალაქეობის არმქონე „ირანელი ინვესტორის“ ცრუ ჩვენების საფუძველზე. ჩემ მიმართ გამოტანილი განაჩენი წარმოადგენს გასული საუკუნის 30 წლებისთვის დამახასიათებელ დაუხვეწავი ფორმებით განხორციელებულ ყველაზე ცინიკურ და ამაზრზენ ანალოგიას. ეს განაჩენი კლასიკური ნიმუშია სასამართლოსა და პროკურატურის არაკომპეტენტური შეთქმულებისა პიროვნების წინააღმდეგ. ყველა დეტალი, ყველა ფრაზა და პასაჟი ჩემს მიმართ გამოტანილ განაჩენში მოდელირებულია იმდენად უნიჭოდ, რომ ჩემდამი წაყენებული ბრალი მოსამართლემ ერთ კონსტრუქციაშიც კი ვერ მოაქცია პროკურატურის მოწმეების ჩვენებასთანაც კი. მე არ წავედი საპროცესო შეთანხმებაზე; მიუხედავად სასჯელის სიმძიმისა ამას არც მომავალში ვაპირებ. მე თავიდანვე მირჩევდნენ, რომ შეთანხმების გზა ამერჩია, რადგან საქმე სუს-ის დაწყებული იყო და ვერაფერს გავხდებოდი. მიმაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებები და თავისუფლება უფრო მაღალი ღირებულებაა, ვიდრე სუს-ის ან ნებისმიერი ინსტიტუციის იმიჯის დაცვა. საქმე არ ეხება მხოლოდ ჩემ მიმართ განხორციელებულ ძალადობას – სიცრუე და ძალადობა ის პოლიტიკური გზაა, რომელსაც თუ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ თუნდაც ერთხელ მიმართავს, შემდეგ შეჩერება შეუძლებელია.

ბატონო გიორგი! მოგმართავთ როგორც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირს, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიყენოთ ყველა საშუალება, რათა განახორციელოთ მონიტორინგი ჩემს სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ახლა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს და ჩვენს ქვეყანაში პიროვნების უფლებების დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრების გზაზე უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს,” – წერს წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 2019 წლის 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

2019 წლის 24 ოქტომბერს კი გრიგოლ ივანეიშგრიგოლ ივანეიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება თეიმურაზ ჩოჩუას, მას სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან 3 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი პირობითი მსჯავრი.