აუდიტი: ასპინძის მერია აფინანსებდა ორგანიზაციას, რომელზეც ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა, მისი ფუნქცია-მოვალეობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი

577

წინა სტატია

ასპინძის მუნიციპალიტეტი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომელზეც ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა, მისი ფუნქცია-მოვალეობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი,– ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

“2017 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტი 11 არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს აფინანსებდა, ხოლო 2018-ში – 10-ს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული იურიდიული პირების დაფინანსებაზე გაცემულია 2,332.6 ათასი ლარი. 2017-2018 წლებში ასპინძის მუნიციპალიტეტი სუბსიდიით აფინანსებდა ა(ა)იპ – კულტურისა და ხელოვნების ცენტრს. აღნიშნულ პერიოდში იურიდიული პირის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 135.5 ათასი ლარი შეადგინა, მათ შორის 2017 წელს – 125.4 ათასი ლარი. 2018 წელს ა(ა)იპ ფუნქციონირებდა მხოლოდ 2 თვე (იანვარი, თებერვალი) და გაცემული სუბსიდია შეადგენს 10.1 ათას ლარს”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის სამსახურის შესწავლით ირკვევა, რომ აღნიშნული ა(ა)იპ, თავის მხრივ, აერთიანებდა კულტურის სფეროში ფუნქციონირებად 3 არაკომერციულ იურიდიულ პირს, კერძოდ, ა(ა)იპ – ასპინძის ქართულ-ხალხურ საკრავთა და სიმღერის სტუდია – წუნდას, ა(ა)იპ – ქორეოგრაფიული
ანსამბლი – სამცხესა და ა(ა)იპ – ასპინძის თავისუფალ თეატრს.

აუდიტის ცნობით, ა(ა)იპ – კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენდა მხოლოდ მუნიციპალიტეტიდან სუბსიდიის სახით მიღებული შემოსავლების გადანაწილება აღნიშნულ 3 იურიდიულ პირზე.

“წარმოდგენილი მონაცემების ანალიზით ირკვევა რომ ა(ა)იპ – კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა მიღებული დაფინანსებიდან 91.1 ათასი ლარი (დაახლოებით, 70%) გასცა გრანტის სახით იურიდიულ პირებზე, ასევე, იურიდიულ პირებს შეუძინა და გადასცა 10.0 ათასი ლარის ღირებულების საქონელი. ხოლო დანარჩენი 34.5 ათასი ლარი დახარჯულია ცენტრის ფუნქციონირებისათვის შრომის ანაზღაურების, ოფისისა და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებზე. აღნიშნულის შესაბამისად, ა(ა)იპ – კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფუნქციას წარმოადგენდა მხოლოდ 3 იურიდიულ პირზე სუბსიდიის გადანაწილება”, – წერია დასკვნაში.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული პირებისათვის სუბსიდიის განაწილება ასპინძის მუნიციპალიტეტის მოვალეობაა და ამ მიზნით ცალკე ორგანიზაციის არსებობის საჭიროება და ადმინისტრაციული ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ამდენად, 2017-2018 წლებში ა(ა)იპ – კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფუნქციონირებისათვის გაწეული ადმინისტრაციული ხარჯი, თანხით 34.5 ათასი ლარი, არაეფექტიანი ხარჯია.

გარდა ამისა, აუდიტის ინფორმაციით, 2018 წლის მარტიდან მუნიციპალიტეტმა დააფუძნა ა(ა)იპ – ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო გაერთიანება.

“აღნიშნულ ორგანიზაციაში გაერთიანდა ა(ა)იპ – კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და ა(ა)იპ – ასპინძის შოთა რუსთაველის სახელობის სახალხომუზეუმი. შესწავლით ირკვევა, რომ ორი ორგანიზაციების გაერთიანების მიუხედავად, მუნიციპალიტეტის მიერ მათზე გაცემული სუბსიდიის მოცულობა, ადმინისტრაციული ხარჯი და დასაქმებულთა რიცხოვნობა ფაქტობრივად არ შეცვლილა. გაუქმებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულები გადანაწილდნენ ახალ შექმნილ ა(ა)იპ-ში. წარმოდგენილი მონაცემებით, ახალ შექმნილ ა(ა)იპ – ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო გაერთიანებაში სულ დასაქმებულია 36 თანამშრომელი, მათ შორის, 5 პირი დასაქმებულია ხელმძღვანელ პოზიციაზე. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ ა(ა)იპ-ში საშტატო რიცხოვნობა ხელოვნურად არის გაზრდილი და მათი რაოდენობა არ შეესაბამება რეალურ საჭიროებას”, – ნათქვამია ადუტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხევდით, მუნიციპალიტეტი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომელზეც ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა, მისი ფუნქცია-მოვალეობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა ორი ა(ა)იპ-ის ლიკვიდაციის შემდეგ თანამშრომლები საჭიროების შესწავლის გარეშე სრულად გადაანაწილა ახალ შექმნილ ორგანიზაციაში. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა მუნიციპალიტეტის მიერ არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს ასპინძის მუნიციპალიტეტს შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მდგომარეობა. განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია განხორციელდეს
ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას.