აუდიტი: ასპინძის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება ვერ უზრუნველყო

571

სტატიის გაგრძელება

ასპინძის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება ვერ უზრუნველყო, რის გამოც მოსახლეობა ვერ სარგებლობს იმ პროექტებით, რაც, შესაძლოა, მიწოდებულ იქნეს ბიუჯეტში მობილიზებული სახსრების დროული და ეფექტიანი გამოყენებით, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

“2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთმა 2,234.4 ათასი ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტმა წლის განმავლობაში 2,212.6 ათასი ლარის ნაშთის გამოყენება დაგეგმა. მიუხედავად ამისა, 2017 წელს მუნიციპალიტეტმა ნაშთის სახით არსებული ფულადი რესურსებიდან მხოლოდ 1,429.0 ათასი ლარი გამოიყენა. შესაბამისად, წლის ბოლოს დაფიქსირდა ნაშთი, 805.4 ათასი ლარი (გადასახდელების 10%), მათ შორის, თავისუფალი ნაშთი – 641.7 ათასი ლარი (გადასახდელების 8%). 2018 წელს მუნიციპალიტეტმა ნაშთის სრულად გამოყენება დაგეგმა. მიუხედავად ამისა, 2018 წელს ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების დაგროვებამ (ზრდამ) 1,171.7 ათასი ლარი შეადგინა და წლის ბოლოს ნაშთი – 1,977.1 ათასი ლარი (გადასახდელების 24%) დაფიქსირდა, მათ შორის, თავისუფალი ნაშთი – 723.2 ათასი ლარი (გადასახდელების 9%)”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის ცნობით, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით ნაშთების არსებობა ძირითადად, გამოწვეულია, ერთი მხრივ, თავისუფალი ნაშთის, ხოლო მეორე მხრივ, გარდამავალი პროექტების არსებობით.

“ასპინძის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება ვერ უზრუნველყო და სათანადოდ ვერ დაგეგმა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა, რაც მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე. შედეგად, მოსახლეობა ვერ სარგებლობს იმ პროექტებით, რაც, შესაძლოა, მიწოდებულ იქნეს ბიუჯეტში მობილიზებული სახსრების დროული და ეფექტიანი გამოყენებით”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მოუწოდებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას, საკუთარ ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები მიმართოს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად და მშენებარე ობიექტების დასასრულებლად, ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და თანხები მაქსიმალურად გამოიყენოს მოსახლეობის სასიკეთოდ.