ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობას პოზიტიურად აფასებს

915

სახელმწიფომ, რეგიონების განვითარების მიზნით, მოამზადა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, შეიმუშავა დეცენტრალიზაციის სტრატეგია და  “ჭკვიანი სპეციალიზაცია“ – ეს მიმართულებები პოზიტიურადაა შეფასებული ევროკავშირის 6 თებერვლის ანგარიშში, რომელიც ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მოამზადა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ეფუძნება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს. პროგრამის ფარგლებში, კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭალეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფინანსდება დაახლოებით 63 მილიონი ევროს მიზნობრივი ღონისძიებები, რომელშიც ევროკავშირის მონაწილეობა 54 მილიონ ევრომდეა. დაფინანსების დიდი ნაწილი მოხმარდება რეგიონული ცენტრების ეკონომიკური, კულტურული და სოციალური როლისა და ფუნქციების გაძლიერებას, ახალი ურბანული მიზიდულობის კერების ჩამოყალიბებას, ყოფილი სამრეწველო, ინდუსტრიული ქალაქებისა და აუთვისებელი ტერიტორიების განახლებას

“2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციითა და დაინტერესებული ორგანიზაციების, სპეციალისტების აქტიური ჩართულობით მომზადდა. მისი მიზნებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება. მთავრობამ სტრატეგიის ძირითადი მიზნების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა, მაგალითადადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდის ნაწილში, 2019 წლიდან თვითმმართველობებს გადაეცათ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების და ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირების უფლებამოსილება შესაბამისი ფინანსური რესურსით, ხოლო მუნიციპალიტეტებისთვის გასანაწილებელი თანხები დაუკავშირდა  დამატებითი ღირებულების გადასახადს. ამ ცვლილებით ყველა მუნიციპალიტეტს 13%-ით გაეზარდა დაფინანსება.

2013 წლის შემდეგ, თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების პროგრესი აღიარა ევროპის საბჭომ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის 2018 წლის ანგარიშში.  

ანგარიშში მოხსენიებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებულიჭკვიანი სპეციალიზაციის პროგრამა, რომელიც წარმოადგენს რეგიონების ინოვაციური პოტენციალის გაძლიერების საფუძველს. ამ კომპონენტის განხორციელებით შესაძლებელი ხდება კონკრეტული რეგიონის ძლიერი მხარეების განსაზღვრა და მათი აქცენტირებული განვითარება. ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საპილოტე რეგიონად უკვე შერჩეულია იმერეთი. მიღწეულია შეთანხმება შესაბამისი პარტნიორობისა და ტექნიკურ-ექსპერტული მხარდაჭერის შესახებ, ჩამოყალიბებულია ეროვნული უწყებათაშორისი გუნდი, მომზადებულია ანალიტიკური და პირველადი სამოქმედო დოკუმენტები, შეთანხმებულია  განხორციელების ჩარჩო მეთოდოლოგია”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.