სიკვდილის ზონა თბილისში – ფოტორეპორტაჟი თბილისის ზღვიდან

2618
ამკრძალავი ნიშანი ცენტრალური გზის მიმდებარედ, ხევში

ორი კვირის წინ, თბილისის ზღვაზე, წყალსადენის ტერიტორიაზე, ე.წ. ჩანჩქერზე, 14 წლის მოზარდი დაიხრჩო. ამ ადგილას ტრაგიკული შემთხვევები ყოველ ზაფხულს ხდება. მხოლოდ შანშან, ოფიციალური სტატისტიკით – 2, არაოფიციალურით კი 5 ადამიანი გარდაიცვალა.

ადგილი, რომელიც დედაქალაქისთვის სიკვდილის ზონად იქცა, წლებია, დაუცველია. მიუხედავად სტატისტიკისა და გარდაცვალების ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა, მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე საბანაოდ მაინც დადის. მხოლოდ გუშინ droa.ge-მ ამ ადგილზე სხვადასხვა ასაკის რამდენიმე ათეული ადამიანი ნახა, მათ შორის, რამდენიმე თვის ბავშვი, რომელიც მშობლებმა ზღვის სანაპიროზე წყალსადენის გვერდით მდებარე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ბილიკით ჩაიყვანეს, ზღვაში აბანავეს და ამავე ბილიკით ამოიყვანეს.

როდესაც რამდენიმე ადამიანს ვკითხეთ, იცოდნენ თუ არა, რომ ტერიტორია სახიფათოა და ბანაობა – აკრძალული, მათ თქვეს, რომ ამის შესახებ იციან, მაგრამ ადგილი ექსტრიმის გამო იზიდავთ და ამიტომ დადიან. მათ ნაწილს გარდაცვალების შემთხვევების შესახებ ინფორმაციაც ჰქონდა, თუმცა, ამ ადგილს ისინიც სტუმრობდნენ, ვისაც საფრთხე გაცნობიერებული არ აქვს და არც ის იციან, რომ აქ ბანაობა აკრძალულია.

ფოტოებზე ნათლად ჩანს, ერთ-ერთი პირი როგორ ტოვებს ტერიტორიას იმ ხიდის მეშვეობით, რომელზეც სწორედ აკრძალვის შესახებ გამაფრთხილებელი ბანერია გამოკრული.

მიუხედავად იმისა, რომ გამაფრთხილებელი ბანერი ორ ადგილასაა განთავსებული, ის მხოლოდ ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორიაზეა. თავად სანაპირო ზოლზე კი არც ერთი ამკრძალავი ნიშანი არ დგას. აქ მხოლოდ ბანერის გასაკრავი კონსტრუქციააა შემორჩენილი. ბავშვებიც, რომელთაგან ერთ-ერთისთვის აქ მისვლა საბედისწერო აღმოჩნდა, ტერიტორიაზე სწორედ სანაპირო ზოლიდან მოხვდნენ და ამკრძალავი ნიშანი, სავარაუდოდ, ვერც შენიშნეს.

ე.წ. ჩანჩქერის მარცხენა მხარეს ტერიტორია GWP-ს ეკუთვნის, ხოლო მარჯვენა – მუნიციპალიტეტს. თუმცა, ვინ არის თავად წყალსადენის მეპატრონე, რომელმაც უსაფრთხოების ნორმებზე უნდა იზრუნოს, თბილისის ინტერაქტიული რუკით ვერ დავადგინეთ. თავად ხიდზე, რომლის ქვეშაც გვირაბით წყალი გადის, წარწერა გვამცნობს, რომ ტერიტორია GWP-ის საკუთრებაა, მაგრამ კომპანიაში განგვიმარტეს, რომ მათ მხოლოდ ხიდის ქვეშ არსებული გვირაბი ეკუთვნით.

მიუხედავად ამ გაურკვევლობისა, თბილისის ზღვაზე მდებარე ამ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა, გვიან, მაგრამ იწყება. ადგილზე ბოძების მონტაჟი GWP-იმ ორი კვირის წინ, მოზარდის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, დაიწყო. სავარაუდოდ, 2 დღეში დაიწყებენ ბოძებზე მავთულხლართის დამონტაჟებასაც.

იმისათვის, რომ ტერიტორიაზე მისვლა კიდევ უფრო გართულდეს, თბილისის მერია და ნაძალადევის გამგეობა მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპიროს ნაწილის შემოღობვას გეგმავენ.

ამ სამუშაოების შემდეგ ტერიტორიაზე საფრთხე მეტ-ნაკლებად განეიტრალდება. თუმცა, მანამდე, უმჯობესი იქნება, თუ თავად მოსახლეობა მოერიდება ამ და სხვა სახიფათო ტერიტორიებს, რომელიც წლების განმავლობაში სიკვდილის ადგილებად ჩამოყალიბდა.