თბილისის ბაღებში სხვადასხვა სახის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაიწყო

664

ვარკეთილში მდებარე N163-ე ბაგა-ბაღში შეიცვალა ამორტიზებული წყალ-კანალიზაციის სისტემა; პარალელურად, ბაღის მთელ პერიმეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რაც აქამდე არ ყოფილა და რის გამოც ეზოში დაგროვილი წყალი შენობის საძირკველში ჩაედინებოდა, იწვევდა სინესტეს და შენობას ავარიულობის საფრთხეს უქმნიდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ეზოში ასფალტის საფარი დაიგება. ამავე ბაღის შენობას ასევე შეეცვლება სახურავი, განახლდება ფასადი, ეზო და სათამაშო მოედანი.

საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს თბილისის N26 საჯარო ბაგა-ბაღის ეზოში. ბაღის უკანა მხარეს არსებულ ეზოში გრუნტი იშლებოდა და ნაყარი მიწა შენობის უკანა გასასვლელებით სარგებლობას აფერხებდა, რის გამოც საჭირო ხდებოდა მუდმივად გაწმენდის სამუშაოების ჩატარება. გრუნტის დამჭერი კონსტრუქციის მოწყობის შემდეგ, განხლდება ბაღის ეზოს ეს ნაწილიც.

სიახლე დახვდებათ თბილისის N87-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდლებსაც – სექტემბრიდან პატარებს უკვე ეზოთი სარგებლობაც შეეძლებათ. ცაგარელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობა არასტანდარტულია, აქ მხოლოდ 5 ჯგუფი ფუნქციონირებს, მისი ეზოს მდებარეობა კი სარემონტო სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ იძლეოდა, რის გამოც აქ საყრდენი კედელი მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშე აშენდა. სამუშაოების ყველაზე მასშტაბური ნაწილი უკვე დასრულებულია, ორანჟერეის ტიპის ეზო უსაფრთხოების მიზნით, გადაიხურება, შიგნით კი გასართობი და ღონისძიებების გასამართი სივრცე მოეწყობა.

საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის რაიონში მდებარე N75-ე საბავშვო ბაღშიც. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, განახლდება ეზო და ბავშვთა სათამაშო მოედანი.