ფოთის მერია: შევისწავლით იმ მამაკაცის ოჯახის მდგომარეობას, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა და დავეხმარებით

832

წინა სტატია

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა მერიის შენობაში თვითდაზიანება აფექტურ მდგომარეობაში მიიყენა. მათივე თქმით, შეისწავლიან ოჯახის მდგომარეობას და შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

„მოქალაქე გიორგი ანთიძემ მერიას დღეს მომართა. მას სურდა კანცელარიაში დაეწერა განცხადება სოციალური მდგომარეობის შესახებ. როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, კანცელარია გახლავთ მესამე სართულზე, მან კი მეორე სართულზე მიიყენა მცირედი დაზიანება. მოვათავსეთ საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა ამ წუთისათვის სტაბილურია. დეტალური შესწავლის შემდეგ ჩვენ დავადგინეთ, რომ გიორგი ძმასთან ერთად ფოთში ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. იპოთეკური სესხით დაკარგეს ბინა, დარჩნენ უსახლკაროდ. ასევე, მისი ძმა არის ძალიან მძიმედ დაავადებული, ის იმყოფება საავადმყოფოში. ამ მძიმე მდგომარეობის გამო, გიორგი ანთიძემ მიიყენა თვითდაზიანება.

მინდა გითხრათ, რომ ერთი კვირის წინ მას მიუმართავს სოციალური სააგენტოსთვის, სადაც დეკლარაციის შევსების შემდეგ ის მოხვდებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში. აგენტი გამოყოფილია, რომელიც შეისწავლის მათ სოციალურ მდგომარეობას. ჩართული ვართ, როგორც ჯანმრთელობის ასევე, სოციალური კუთხით მაქსიმალურად ეფექტურად გაუწიოთ დახმარება. სამწუხაროა, რომ მას ამ სახის განცხადებით ამ დრომდე ჩვენთვის არ მოუმართავს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მერიის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ.

ახალგაზრდა მამაკაცის ახლობლების ინფორმაციით კი, გიორგი ანთიძე ძმასთან ერთად ექვსი წელია ნათესავს ჰყავს შეკედლებული, რადგან საკუთარი საცხოვრებელი არ აქვთ.

„დედა ჰყავდათ მძიმე ავადმყოფი და აქედან გამომდინარე ბინა დაკარგეს და უსახლკაროდ დარჩნენ. ექვსი წლის წინ ნათესავმა შეიკედლა. რამდენიმე დღის წინ გიორგის ძმამ მიიღო ინსულტი. გიორგი მერიაში დახმარების სათხოვნელად იყო მისული. თუნდაც ერთი მცირე ოთახი, რომ მისცენ. მერიაში არ ვიცი რა უთხრეს, ვურეკავ და გათიშული აქვს, მაგრამ ის ვიცი, რომ თვითდაზიანებები აქვს მიყენებული” ,- განაცხადეს ახლობლებმა.