ზუგდიდის ერთ-ერთი ქუჩისთვის აბესალომ ტუღუშის სახელის დარქმევა სურთ

476
ზუგდიდში ერთ-ერთი ქუჩისთვის ზუგდიდელი ისტორიკოსის, აბესალომ ტუღუშის სახელის დარქმევა სურთ. საკითხი ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის გუშინდელ სხდომაზე განიხილეს და ინიციატივას მხარი დაუჭირეს. თუმცა მანამ, სანამ საკითხს საკრებულოს სხდომაზე გაიტანენ, ჯერ ქუჩა უნდა შეირჩეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ განაცხადა, რომ წერილს, რომელიც მიიღეს, ხელს ათი ადამიანი აწერს. მათ შორის ხელოვანები – თეატრის მსახიობები, მხატვრები.

“მათი არგუმენტია ის, რომ აბესალომ ტუღუში იყო გამორჩეული ისტორიკოსი, რომელსაც ჰქონდა ბევრი სამეცნიერო ნაშრომი და სამეგრელოსა და ზუგდიდის ისტორიაზე მუშაობდა”, – აღნიშნა ირაკლი ლაგვილავამ.

მისივე თქმით, საკითხს კომისიის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. საკრებულოს სხდომაზე გატანამდე, მოსახლეობას შეხვდებიან და ერთ-ერთ ვარიანტად, ქუჩისთვის აბესალომ ტუღუშის სახელს შესთავაზებენ.

აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის დროის საკითხები, სამეგრელოს სამთავროს ისტორია, ჩიქვანთა გამთავრების ისტორიიდან სამეგრელოში, ცაიშის საეპისკოპოსო ნაწილია ისტორიკოსის ნაშრომების.

აბესალომ ტუღუში წერდა, ასევე, მეგრული გვარების და საქართველოს ფეოდალური ხანის, ქართველთა რწმენა-წარმოდგენების ისტორიაზე, ფოლკლორისტიკისა და ლექსიკოლოგიის თემებზე.