პარლამენტის შენობაში შესასვლელ კარებზე ბოქლომის ჩამოკიდების მცდელობას დაპირისპირება მოჰყვა

766

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სიტუაცია დაიძაბა.

მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელმა, პარლამენტის შენობაში შესასვლელ კარებზე ბოქლომის ჩამოკიდება სცადა, რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა. სამოქალაქო აქტივისტი საპატრულო პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა.

ამასთან, აქციის მონაწილეებს ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან და “სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი.

აქციები ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტვისტებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გასული წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

17 დეკემბერს ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.

ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა და ოთხივე უშედეგოდ დასრულdა. ოპოზიციის მოთხოვნაა არჩევნები ან სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს, ან ე.წ. გერმანული მოდელით.

“ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე ოპოზიციურ პარტიებს შეთავაზა, რომ შერეული სისტემა შენარჩუნდეს, თუმცა, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს. ოპოზიცია ამ ახალ წინადადებას მიუღებელს უწოდებს.