აუდიტი: ხონის მერიამ 564 ათასი ლარი გადაიხადა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, რომელიც უხარისხოა და ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს

927

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ხონის მუნიციპალიტეტებმა 563.9 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა,  რომელთა ხარისხი სათანადოდ დადასტურებული არ იყო. შედეგად, სამუშაოები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები. მუნიციპალიტეტს აღნიშნული ღონისძიებები არ განუხორციელებია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხონის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც სხვა დარღვევებთან ერთად უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, დარღვევები გამოვლინდა 2017-2018 წლებში ქალაქ ხონში ჭანტურიასა და მოსე ხონელის ქუჩის ტროტუარების, ხობუასა და ჩოლოყაშვილის ქუჩების სანიაღვრე არხის, საცხოვრებელი სახლების ფასადების, ა(ა)იპ − სამუსიკო სკოლის შენობის, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონის, ცენტრალური სტადიონის და სოლომონ მეორის ქუჩა №7-ში მდებარე შენობის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოების დროს.

წარმოდგენილი ინფორმაციით, შესრულებული პროექტები მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა საექსპერტო კომპანიების და მერიის ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის საფუძველზე.

ტექნიკური ზედამხედველობა (ექსპერტიზა) განახორციელა შპს „საინჟინრო  მონიტორინგის ჯგუფმა“. შესწავლით ირკვევა, რომ კომპანიამ შეამოწმა სამუშაოების მოცულობა, ხოლო ხარისხის დასადასტურებლად დაეყრდნო მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილ ლაბორატორიულ დასკვნებს. იქედან გამომდინარე, რომ ლაბორატორიული დასკვნები მომზადებულია მიმწოდებლების მიერ, მათი სანდოობა დაბალია.

ზოგიერთ პროექტ ექსპერტიზა ჩაუტარდა მიმწოდებლის დაკვეთით, სხვადასხვა საექსპერტო კომპანიის მიერ. წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნებით დადასტურებულია მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხოლო ხარისხი შესწავლილი არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა ისეთი სამუშაოები, რომლის ხარისხი სათანადოდ შესწავლილი არ იყო. აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა შესრულებული პროექტები. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას, კერძოდ:

ჭანტურიასა და მოსე ხონელის ქუჩების ტროტუარების რეაბილიტაცია

2018 წლის ნოემბერში მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით ხელშეკრულება გააფორმა შპს „ჯ და ჯ-სთან“, ქ. ხონში ჭანტურიასა და მოსე ხონელის ქუჩების ტროტუარებისა და ლესელიძის ქუჩის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვაზე, ღირებულებით 431.5 ათასი ლარი. მათ შორის ტროტუარების მოასფალტების სამუშაოების ღირებულება შეადგენს 251.2 ათას ლარს.

ხელშეკრულებით, პროექტი უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 17 იანვარს.

2019 წლის 20 თებერვალს აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა ჭანტურიასა და
მოსე ხონელის ქუჩებზე ტროტუარების მოასფალტების სამუშაოები. დათვალიერების
შედეგად გამოვლინდა, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ.


შესწავლით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა სამუშაოების ნაწილი დაასრულა 2018 წლის 26 დეკემბერს, თანხით 157.4 ათასი ლარი. სამუშაოების ტექნიკურმა ზედამხედველმა და მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა ჩაიბარეს აღნიშნული სამუშაოები, რითაც დაადასტურეს მისი შესაბამისობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

დანარჩენი სამუშაოები მიმწოდებელმა დაასრულა 2019 წლის 17 იანვარს. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში (2019 წლის ივნისის მდგომარეობით)
მუნიციპალიტეტს სამუშაოები შემოწმებული და ჩაბარებული არ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ჩაბარებისათვის საჭიროა შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ საექსპერტო დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების დასრულებიდან გასულია 5 თვე, აღნიშნულ კომპანიას დასკვნა მომზადებული არ აქვს.

შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა“ 2019 წლის მარტში, (აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ) წერილით მიმართა მუნიციპალიტეტს, სადაც ატყობინებდა, რომ დასრულებულ სამუშაოებში აღმოაჩინა ხარვეზები, რომლის გამოსწორების შემდეგ განახორციელებდა ექსპერტიზას.

კერძოდ, მოწყობილ ასფალტბეტონზე აღინიშნებოდა ფორიანობა, რამდენიმადგილას არსებობდა ზედაპირული და გამჭოლი ბზარები, ვიზუალური მხარე იყო არადამაკმაყოფილებელი, ტროტუარებზე გუბდებოდა წყალი და აღინიშნებოდა ჩავარდნები. ზედამხედველმა კომპანიამ მოსთხოვა მიმწოდებელს არსებული ხარვეზების გამოსწორება.

წარმოდგენილი ინფორმაციით, 2019 წლის 30 აპრილისათვის მიმწოდებელმა,
ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ტროტუარებს გადააგო ორსანტიმეტრიანი
ასფალტბეტონის ფენა. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოგვიდგინა მტკიცებულება, რამდენად საკმარისია და უზრუნველყოფს მიმწოდებლის მიერ დამატებით შესრულებული სამუშაოები არსებული ხარვეზების გამოსწორებას.

სამუშაოების ზედამხედველობის პროცესის არასათანადოდ განხორცილების მიუხედავად, მუნიციპალიტეტს შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ მიმართ არ გამოუყენებია საჯარიმო სანქციები, რომელიც გათვალისწინებული იყო მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ასევე
გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია, თანხით − 21.6 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტს შეეძლო მოეთხოვა აღნიშნული თანხის ანაზღაურება, რაც არ განუხორციელებია.

ამდენად, სამუშაოების ტექნიკურმა ზედამხედველმა და მუნიციპალიტეტმა
არასათანადოდ წარმართეს სამუშაოების შესრულების კონტროლის პროცესი. მერიამ
დროულად არ გამოიყენა საჯარიმო სანქციები. არასათანადო კონტროლის გამო,
სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ და გახანგრძლივდა მისი დასრულების პროცესი, რის გამო ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის ინტერესებს.

აღნიშნული გარემოების გარდა, ასევე დაზიანებულია და უხარისხოდ არის შესრულებული 4 ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილში №2.

ხობუასა და ჩოლოყაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები

2018 წლის ოქტომბერში მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით შპს „საგზაოსთან“
გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შეისყიდა ხობუასა და ჩოლოყაშვილის
ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 197.0 ათასი ლარი.
ხელშეკრულება გულისხმობდა ქუჩების მოასფალტებისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებს.

სატენდერო დოკუმენტაციით სანიაღვრე არხებზე ბოგირების მოსაწყობად
გათვალისწინებული იყო ახალი ლითონის მილების გამოყენება, რომლის ღირებულება სახელშეკრულებო პირობებით შეადგენდა 44.3 ათასი ლარს.

აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების აქტებში, სანიაღვრე
არხების მოწყობის მასალად მითითებული აქვს ახალი ლითონის მილები, შესაბამისი
ღირებულებით. შესწავლით კი ირკვევა, რომ მიმწოდებელს სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ახალი ლითონის მილები არ გამოუყენებია. სანიაღვრე არხი მოწყობილია მეორადი მილებით.

მიუხედავად იმისა, რომ მერია, ექსპერტიზის დასკვნით, ინფორმირებული იყო მეორადი, დაბალფასიანი მასალით სამუშაოების შესრულების შესახებ, მან აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა ასანაზღაურებელი ღირებულების განსაზღვრისას და სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში, რაც დაუშვებელია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ძველი მილებით შესრულებული სამუშაო, რაშიც მიმწოდებელს გადაუხადა ახალი მილების ღირებულება,
თანხით 44.3 ათასი ლარი.

გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე მინისტადიონის მოწყობის სამუშაოები

2017 წლის ნოემბერში მუნიციპალიტეტმა შპს „ჯვჯ-სგან“ ტენდერის გზით შეისყიდა
გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე მინისტადიონის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით − 4.9 ათასი ლარი.

სამუშაოები გულისხმობდა მოედანზე ქვიშის საფუძვლის, ბეტონის გვერდულების მოწყობას და სტადიონზე მეორადი გამოყენების ხელოვნური საფარის დაგებას. შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა განახორციელა შპს „ზაისი და კომპანიამ“. ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხოლო ხარისხი შემოწმებული არ არის.

2019 წლის 20 თებერვალს აუდიტის ჯგუფმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად,
ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სტადიონის ხელოვნური საფარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და გამოუსადეგარია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენა ნაჩუქარი ხელოვნური საფარი, აღნიშნული საფარის ზომა სტადიონის ფართობის შეუსაბამოა.

აუდიტის დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოები უხარისხოა და მასში გადახდილი 4.9 ათასი ლარი წარმოადგენს არაეფექტიან ხარჯს.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია, რომ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის  საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას და პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას.

მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის განსაზღვროს ადეკვატური საჯარიმო სანქცია. დადგენილი პირგასამტეხლო თანაზომიერი უნდა იყოს მოსალოდნელ ზიანთან, რაც ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას. მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.