აუდიტი: ხონის მუნიციპალიტეტში ორი ა(ა)იპ ფუნქციონირებს, რომელიც ერთი და იმავე ფუნქციებს ასრულებს, შედეგად კი ადმინისტრაციული ხარჯი ორმაგდება

983

სტატიის გაგრძელება

ხონის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი და ხონის მუნიციპალიტეტის მადლიერების სახლი ერთი და იმავე ფუნქცის ასრულებს, თუმცა ცალ-ცალკე ფუნქციონირებს. ორივე ა(ა)იპ-ის ფუნქცია ხონის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფაა. ამასთან, ორივე იურიდიული პირი ერთნაირ მომსახურებას სთავაზობს ბენეფიციარებს. ორივე მდებარეობს ქალაქ ხონში, ტერიტორიულად ერთმანეთთან ახლოს და მათი ცალ-ცალკე ფუნქციონირების შედეგად ადმინისტრაციული ხარჯი ორმაგდება. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ხონის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ანგარიშში.

კონკრეტულად კი, ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში ხონის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის მიზნით, ფუნქციონირებენ: ა(ა)იპ − ხონის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი და ა(ა)იპ − ხონის მუნიციპალიტეტის მადლიერების სახლი. აღნიშნულ პერიოდში ა(ა)იპ-ების დაფინანსებაზე მუნიციპალიტეტმა დახარჯა 407.0 ათასი ლარი. ორივე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო ჯამში 22 თანამშრომელი.

2017-2018 წლებში ა(ა)იპ − სათნოების სახლი მომსახურებას უწევდა 130 ბენეფიციარს და დაფინანსებულია 217.5 ათასი ლარით, ხოლო ა(ა)იპ − ხონის მუნიციპალიტეტის მადლიერების სახლი − 120 ბენეფიციარს და დაფინანსებულია 189.5 ათასი ლარით. აღსანიშნავია, რომ ორივე იურიდიული პირი ერთნაირ მომსახურებას სთავაზობს ბენეფიციარებს. ორივე მდებარეობს ქალაქ ხონში, ტერიტორიულად ერთმანეთთან ახლოს, თითოეულს გააჩნია სათანადო პირობები და საკმარისი რესურსი პროგრამით მოსარგებლეთა დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობა თავისი მასშტაბიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შეუცვლელად, შესაძლებელია განხორციელდეს ერთი ორგანიზაციის მიერ. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რატომ არის უფრო ეფექტიანი და მეტი შედეგის მომტანი აღნიშნული საქმიანობისათვის ორი ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება,- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის შესწავლით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტში არსებობენ პროგრამით სარგებლობის მსურველები (მომლოდინეები), რომელთა პროგრამაში ჩასმა ვერ ხერხდება არასაკმარისი ფინანსური რესურსების გამო.

„იმ პირობებში, როდესაც ორგანიზაციას არ აქვს საკმარისი რესურსი მომლოდინეთა კვებით უზრუნველყოფისთვის, მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა ერთნაირი ფუნქციის მქონე ა(ა)იპ-ებზე ორმაგი ადმინისტრაციული ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა. 2017-2018 წლებში ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებაზე სულ დაიხარჯა 116.4 ათასი ლარი”,- აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ასევე, აუდიტის დასკვნით, ორგანიზაციებში დასაქმებულია თანამშრომლები, რომელთა ფუნქცია-მოვალეობების საჭიროება სათანადოდ ვერ დასტურდება. მუნიციპალიტეტში არსებობენ იურიდიული პირები, რომლებიც ვერ აღწევენ დასახულ მიზნებს, ხელოვნურად არის გაზრდილი შტატები, იურიდიული პირების შექმნაში, დაფინანსებასა და 2017-2018 წლებში კონტროლში არსებულმა მართვის სისუსტეებმა გამოიწვია საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ საბიუჯეტო რესურსების რაციონალურად ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით, ხონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ განსაზღვროს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შესაბამისობა მუნიციპალიტეტის
მიზნებსა და ამოცანებთან, შეისწავლოს მათი საქმიანობა და არსებული საკადრო
პოლიტიკა. შეაფასოს მსგავსი ფუნქციების მქონე ორგანიზაციების ცალ-ცალკე
დაფუძნების/არსებობის მიზანშეწონილობა. ასევე გაანალიზოს ა(ა)იპ-ის საქმიანობით
მიღებული სარგებელი და მათი ფუნქციონირებისათვის დახარჯული სახსრები,
საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს იურიდიული პირებისა და მათში არსებული
საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია.