“ტორპედოს“ დროებითი მმართველი იტალიელ ინვესტორზე: ვეჭვობ, რამე გამოვიდეს

1132

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ფეხბურთის ფედერაციის მიერ,  კრიზისში მყოფი საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსთვის“ მიცემული ვადა დღეს იწურება. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

პირობის თანახმად, თუ კლუბი სამ თებერვლამდე დავალიანებას არ დაფარავს, ლიცენზია აღარ გაუგრძელდება და მეოთხე ლიგაში დაქვეითდება. ახლა,  ყველა, იტალიელი ინვესტორის გადაწყვეტილების მოლოდინშია, რომელიც მერიის ინფორმაციით, ინვესტიციის ჩადების პარალელურად, მზადაა ვალი გადაიხადოს, თუმცა, ქალაქის ხელმძღვანელობამ ფაბიო მანინთან შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწია.

კლუბის დროებითი მმართველი თემურ ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით, ალბათ, ლიცენზიას არ ჩამოართმევენ, თუმცა, როდემდე გადაწევს ფეხბურთის ფედერაცია ვადას, არ იცის.  თემურ ჩეჩელაშვილი გუნდში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და პროცესების გაჭიანურების გამო,  ეჭვს გამოთქვამს, რომ ქუთაისის მერია ინვესტორთან შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს.

“უკვე ვეჭვობ აქედან რამე გამოვიდეს. პირველ მარტს თამაში გვაქვს და გუნდი არ გვყავს. ისიც არ ვიცით, საერთოდ ვიქნებით თუ არა ლიგაში. ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა. თქვეს, რომ პირობითად, დღეს და ხვალ ლიცენზიას არ ჩამოგვართმევენ, მაგრამ თუ დროულად არ გადაწყდა საკითხი, რა აზრი ექნება მერე შეთანხმებას?“

კლუბის დროებითი მმართველი ამ დრომდე არ შეხვედრია ინვესტორს. ამბობს, რომ მოლაპარაკებებს მერია აწარმოებს და პროცესში მის მონაწილეობას აზრი არ აქვს.

“მე მერიის გარეშე მაინც ვერაფერს გადავწყვეტ და რა აზრი აქვს შეხვედრას?  ვიცი, რომ სავარაუდოდ, ოთხშაბათს კიდევ აპირებს ჩამოსვლას ინვესტორი“,-ამბობს კლუბის დროებითი მმართველი.

იტალიელ ინვესტორთან შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ადასტურებენ ქუთაისის მერიაში. აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მოლაპარაკებები გრძელდება.

ფეხბურთის ფედერაციაში კი აცხადებენ, რომ კლუბის ლიცენზირების საკითხი შესაბამის კომიტეტს გადაეგზავნა, თუმცა, კონკრეტული ინფორმაცია თუ როდემდე გაუხანგრძლივდა ვადა “ტორპედოს”,  უცნობია.

პასუხებს ელიან “ტორპედოს“ ფანკლუბის წევრებიც, რომლებმაც საკითხის დროულად არგადაწყვეტის შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ზომების გამოყენება დააანონსეს.

გულშემატკივრებმა გამაფრთხილებელი აქცია-პერფორმანსი უკვე გამართეს ცარიელ მოედანზე, სადაც ქუთაისის მერიას და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდეს, რომ კრიზისში მყოფი გუნდი გადაარჩინონ.

“ტორპედოს” ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მერიაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ იტალიელ ინვესტორთან ფაბიო მანინთან შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა გაფორმებულიყო.

ქუთაისის „ტორპედო“ რამდენიმე  თვეა ინვესტორის გარეშეა.  ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.