ზუგდიდის მერიამ 9 თანამშრომელს ფულადი ჯილდო გადასცა

834
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის განმავლობაში 11 110 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გასცა. თანხა კი 9 სხვადასხვა რანგის სპეციალისტზე გადანაწილდა. ზუგდიდის მერიიდან გამოცემა “ლაივპრესისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯილდო „პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შეფასების შემდეგ გაიცა.
აგვისტოში 1 500 ლარის ოდენობის ჯილდო მიიღო ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების მეორე რანგის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა;

1 200 ლარი ამავე სამსახურის ქონების მართვის განყოფილების სპეციალისტმა;

850 ლარი
 იგივე განყოფილებაში მესამე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა;

1 200 ლარი მესამე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტმა;

950 ლარი მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა;

ასევე 1 200 ლარით დაჯილდოვდა ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტი;

1 200 ლარით ამავე სამსახურის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

1 500 ლარი მიიღო ამავე სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილების მეორე რანგის თანამშრომელმა.

ჯილდოდ 1 500 ლარი გადაეცა ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის განყოფილების მეორე რანგის თანამშრომელსაც.

ცნობისთვის, 2019 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიცა, როგორც ფულადი ჯილდო, ასევე დანამატი. ჯამში წლის განმავლობაში ხელფასის გარდა დამატებით გაცემულმა თანხამ 61 705 ლარი შეადგინა. მერიისგან განსხვავბით რიგითი თანამშრომლების გარდა ფულადი ჯილდოები ამ შემთხვევაში მიიღეს თანამდებობის პირებმა – რწმუნებულის ყოფილმა და მოქმედმა მოადგილეებმა.

რაც შეეხება საკრებულოს, აქ აპარატის რვა თანამშრომელზე გაიცა ფულადი ჯილდო, რისთვისაც ჯამში 9 400 ლარი დაიხარჯა. ჯილდო ამ შემთხვევაშიც არ მიუღიათ თანამდებობის პირებს.