“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების წევრებმა 222 ინფრასტრუქტურული პრობლემა გამოავლინეს

967

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების მიერ 2019 წელს იდენტიფიცირებული 200-ზე მეტი პრობლემის მოსაგვარებლად ყველა შესაბამისმა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მზაობა გამოთქვა, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

“ქვეყნის 6 რეგიონის 16 მუნიციპალიტეტიდან (ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ქედა, შუახევი, ხულო, ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული, გორი, ქარელი, ახალციხე, თელავი, სიღნაღი, ყვარელი, ახმეტა) მოგვწერეს, რომ ჩვენი ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოების მიერ გამოვლენილი პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმდინარე წლის ადგილობრივი საბიუჯეტო რესურსით მოგვარდება, ნაწილი კი, შესაძლოა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გადაიჭრას.

ჩვენ კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირებას და დაპირებული პროექტების განხორციელების მონიტორინგს”, – აცხადებენ “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოში”.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სამოქალაქო საბჭოები ადგილობრივ თვითმმართველობებში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდის, მათი პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის შეიქმნა.