მესტიის განვითარებისთვის ევროკავშირმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

825

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქეა ავსტრია, PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ვე ტერიტორიულ ერთეულში ეკონომიკური განვითარების, სოციალური და არაკომერციული პროექტების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსს აცხადებს.

საგრანტო კონკურსის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დივერსიფიკაციის, მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მესტიის მუციპალიტეტში ევროკავშირის LEADER მიდგომის დანერგვის გზით.

პროექტი „LEADER მიდგომის დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“ ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (ENPARD) ფარგლებში, ევროკავშირისა და ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით.

“პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი სამოქალაქო ძალისხმევის მობილიზაციას და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის გააზრებისა და შემუშავების პროცესში მონაწილეობრივი პრაქტიკის დანერგვით, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას; აგრეთვე ადგილობრივი სამოქალაქო ძალისხმევების ინსტიტუციონალიზაციას სამოქალაქო ორგანიზაცია „ადგილობრივი განვითარების ჯგუფი“-ს შექმნისა და გაძლიერების ხელშეწყობის გზით და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ნაწილობრივ დაფინანსებას. პროექტის აღნიშნული კომპონენტები ხორციელდება ევროკავშირში დანერგილი ე.წ. LEADER მიდგომის გამოყენებით.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ინიციატივები, როგორც კომერციული (არასასოფლო–სამეურნეო და სასოფლო–სამეურნეო), ასევე, სოციალური და არაკომერციული მიმართულებებით”, – ნათქვამია ENPARD-ის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კონკურსში განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებენ.

საგრანტო კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენას, მეორე კი სრული საპროექტო წინადადების წარდგენას ითვალისწინებს.

საპროექტო იდეის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 15 მარტი.

საგრანტო კონკურსით დაფინანსდება მხოლოდ ის პროექტები, რომელიც პასუხობს მესტიის მუნციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანებსა და სტრატეგიულ აქტივობებს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.