ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს ბრალი წარედგინა

654

წინა სტატია

ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალდება წარედგინათ, – აღნიშნულის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების” დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება   მოხდა, სადაც დაზიანებები მიიღო „ნაცმოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს. ხაბეიშვილმს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნებოდა. ფაქტზე სს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუამ, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა ცემა პირადი შეურაცხყოფის გამო დაიმსახურა.