TI: ენზელ მკოიანის საწვავის ბიზნესი ჯავახეთში – დეპუტატის ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს

1392

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა 2010-2019 წლებში ბიუჯეტიდან 2 312 278 ლარი მიიღეს. ორგანიზაციის განცხადებით, მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამ კომპანიასთან საწვავის შესყიდვაზე 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის 665 პირდაპირი წესით. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI) აქვეყნებს. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობს. კერძოდ, ოთხ წელში გაფორმებული 34 პირდაპირი შესყიდვით, ბიურომ შპს-ს 78 339 ლარი გადაურიცხა. მათივე ინფორმაციით, აქედან 49 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები დეპუტატმა კომპანიის დირექტორთან, საკუთარ ბიძასთან პირადად გააფორმა.

ენზელ მკოიანი 20 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. იგი ოთხჯერ ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ბოლოს, მეხუთედ კი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში აირჩიეს „ქართული ოცნებიდან“.

ორგანიზაციის განცხადებით, ენზელ მკოიანის ძმა და ბიძა, მარტუნ და ნორაირ მკოიანები ხელისუფლებაში მყოფი პარტიების მსხვილი შემწირველები არიან. მათივე თქმით, როცა ხელისუფლების სათავეში “ნაციონალური მოძრაობა” იყო, პარტიას 115 000 ლარი შესწირეს, “ქართული ოცნების” უმრავლესობაში მოსვლის შემდეგ კი ჯამში 213 000 ლარით მისი შემწირველები გახდნენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს მკოიანის ოჯახის კომპანიების, შპს მეეკისა და შპს ეს ჯი გაზ — კომპანის თითოეული სახელმწიფო შესყიდვა და დაადგინოს, ხომ არ იყო ეს შესყიდვები მათთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და იკვეთება თუ არა კორუფციის შესაძლო კონკრეტული ნიშნები.

მკოიანების კომპანიები

ენზელ მკოიანი პარლამენტში 1999 წლის 20 ნოემბერს შევიდა. ზუსტად ერთ თვეში, 21 დეკემბერს მისმა ძმამ, მარტუნ მკოიანმა და ბიძამ, ნორაირ მკოიანმა შპს „მეეკი” დააფუძნეს. 2018 წლის იანვრიდან ამ კომპანიის დირექტორის მოადგილედ ენზელ მკოიანის შვილი, დავით მკოიანი დაინიშნა, 2019 წლის ივნისიდან იგი  შპს „მეეკის“ 25% წილის მფლობელიც გახდა. შპს-ს დირექტორი წლების განმავლობაში ნორაირ მკოიანი იყო, 2009-2016 წლებში, სხვადასხვა დროს, ჯამში ორი წლით, კომპანიას გაიოზ ლომსაძე ხელმძღვანელობდა. 2017 წლის ნოემბრიდან ლომსაძე ახალქალაქის საკრებულოში „ქართული ოცნების” სიით შევიდა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაც დაიკავა.

2008 წლის 6 მაისს, მკოიანებმა რუსეთის მოქალაქესთან და ბიზნესმენთან არამ სანოსიანთან ერთად ნავთობპროდუქტების დისტრიბუციის მიზნით, კიდევ ერთი შპს „ეს ჯი გაზ – კომპანი“ დააფუძნეს. მისი დირექტორი და 60% წილის მფლობელი არამ სანოსიანია, 20%-ს მისივე კომპანია „სატახა“ ფლობს, 20%-ს კი – „მეეკი”.

ორი წლის შემდეგ, საწვავის ბიზნესში, ენზელ მკოიანის უფროსი შვილი კარაპეტ მკოიანიც  ჩაერთო. მან 2010 წლის 26 აპრილს, ახალქალაქში, შპს „ახალგაზი“ დააფუძნა. მაშინ იგი 50% წილს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“ უყოფდა, ახლა კი ამავე პროცენტით წილში შპს „ნეოგაზი“ ჰყავს.

გამარტივებული შესყიდვები

“მეეკმა” და “ეს ჯი გაზ – კომპანიმ” 2010 წლიდან დღემდე ყველა სახელმწიფო შესყიდვა ბენზინზე, დიზელსა და თხევად აირზე მხოლოდ ახალქალაქისა და ნინოწმინდის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიიღეს: „მეეკთან” სულ 502  სახელმწიფო შესყიდვაა გაფორმებული, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებით 1 198 684  ლარზე. „ეს ჯი გაზ – კომპანის” კი 171 სახელმწიფო შესყიდვა აქვს მიღებული, ჯამში,  1 111 994 ლარზე.

მკოიანების კომპანიებს ახალქალაქთან შედარებით მეტი შესყიდვა ნინოწმინდის მერიასა და მის შპს/ააიპ-ებში აქვთ. მაგალითად, 2012 წლიდან დღემდე ახალქალაქის მერიამ საწვავის 28 შესყიდვიდან  „მეეკთან“ მხოლოდ  2 გააფორმა, ჯამში  9 400 ლარზე. ახალქალაქის მერიის ძირითადი მიმწოდებლები „რომპეტროლ საქართველო“ და „ლუკოილ ჯორჯია“ არიან.

ნინოწმინდის მერიამ კი 61 შესყიდვიდან 58 შემთხვევაში ხელშეკრულებები მკოიანების კომპანიებთან დადო. აქედან 2 ტენდერით და 56 პირდაპირი შესყიდვით. ორივე ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი „მეეკი” იყო და ჯამში 181 000 ლარით მოიგო კიდეც.  56 გამარტივებული შესყიდვიდან კი „მეეკთან“ – 52 და „ეს ჯი გაზ – კომპანისთან“ – 4 გაფორმდა. დანარჩენ 3 შემთხვევაში მყიდველი შპს „ლუკოილ ჯორჯია“ იყო. შესაბამისად,  ნინოწმინდის მერიის მიერ საწვავში გახაჯული 668 515 ლარიდან მკოიანების კომპანიებს ჯამში  513 315 ლარი დაერიცხათ. აქედან „მეეკს“ – 383 080 ლარი, „ეს ჯი გაზ – კომპანის“ კი – 130 235 ლარი.

ჯავახეთში, მუნიციპალური უწყებები თუ შეშას არ ყიდულობენ, მაშინ ხელშეკრულებებს პირდაპირი შესყიდვის წესით, ხშირად მხოლოდ „მეეკთან”, ან „ეს ჯი გაზ – კომპანისთან” აფორმებენ. („ეს ჯი გაზ – კომპანი“ ჯავახეთში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო და  სარემონტო სამუშაობსაც აწარმოებს).

მაგალითად, ა(ა)იპ „ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს“  საწვავის 10 პირდაპირი შესყიდვიდან, 10-ვე „მეეკთან“ აქვს გაფორმებული, ააიპ „ნინოწმინდის კომუნალური, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურს“ კი 28 შესყიდვიდან – 27.  ააიპ „სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულება ნინოწმინდის კომპლექსურ სასპორტო სკოლას“ 3 შესყიდვიდან 3-ვე „ეს ჯი გაზ – კომპანისთან“ აქვს დადებული, ა(ა)იპ „ნინოწმინდის სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებას” კი 2 შესყიდვიდან – 2-ვე.

მხოლოდ „მეეკისგან“ ყიდულობს საწვავს ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ბიურო. გამარტივებული წესით საწვავის შეძენა მკოიანების კომპანიიდან 2014 წლის იანვრიდან დაიწყო და ბოლო ხელშეკრულება 2019 წლის ოქტომბერში გააფორმდა. ამ ხნის განმავლობაში ბიურომ შპს-სგან 78 339 ლარის ღირებულების საწვავი 34-ჯერ შეისყიდა. აქედან 49 000 ლარზე ცხრა ხელშეკრულება დეპუტატმა პირადად გააფორმა კომპანიის დირექტორთან ნორაირ მკოიანთან, რომელიც ენზელ მკოიანის ბიძაა (მამის ძმაა). მას შემდეგ კი, რაც ენზელ მკოიანის შვილი „მეეკის” მეწილე გახდა, ბიუროდან კომპანიასთან ხელშეკრულება 4 გამარტივებულ შესყიდვაზე დაიდო და ჯამში, 4 866 ლარი გადაირიცხა.

რაც შეეხება, ენზელ მკოიანის ოჯახის მესამე კომპანიას შპს „ახალგაზს“, მას 2011 წელს, 1600 ლარის ღირებულების ერთადერთი გამარტივებული შესყიდვა აქვს ახალქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება-კოლეჯთან.

ტენდერები

მკოიანების კომპანიები უკონკურენოდ იგებდნენ ჯავახეთში გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებსაც.

„მეეკმა“, 2011-2012 წლებში, ნინოწმინდა-ახალქალაქის მუნიციპალიტეტების და მათი ააიპ-ების/შპს-ების 7 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, შვიდივეში ერთადერთი პრეტენდეტი იყო (SPA120012776; SPA120005992; SPA120003493; SPA110028358; SPA110021318; SPA110018652; SPA110004667;) შესაბამისად მოიგო კიდეც და ჯამში 230 410 ლარი დაერიცხა.

„ეს ჯი გაზ – კომპანიმ“ კი 2011 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით სულ 3 ტენდერში მიიღო მონაწილეობა (SPA110031199; SPA110029741; SPA110009972). მათ შორის ერთი არ შედგა, ორში კი (ახალქალაქის მეორე საჯარო სკოლასა და ნინოწმინდის მაგისტრ სასამართლოში) ერთადერთი პრეტენდეტი იყო და ხელშეკრულებების საერთო ღირებულებით 14 869 ლარი დაერიცხა.

2012 წლის შემდეგ კი ჯავახეთში წარმოდგენილ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, (რომლებიც მკოიანების კომპანიების შემსყიდველები არიან) საწვავზე ტენდერები აღარ ცხადდება.

სრული კვლევა იხილეთ აქ: