ქუთაისის “ტორპედოს“ მწვრთნელები და ადმინისტრაციის თანამშრომლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

603

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს და გუნდში არსებულ პრობლემებზე, “ტორპედოს” უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხეეზე ისაუბრეს.

თანამშრომლები და გულშემატკივრები კი რადიკალურ ნაბიჯებზე გადასვლას აანონსებენ. ისინი დღეს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეიკრიბებიან და პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

კლუბის წარმომადგენლების თქმით, თუ პრობლემა არ მოგვარდება შიმშილობას დაიწყებენ.

“ერთი წელია ვცდილობთ, საკითხმა არ მიიღოს პოლიტიკური ელფერი, მაგრამ გუნდის გადასარჩენად რეალური ნაბიჯები არ გადაიდგა. არ გვინდა, დავუშვათ, რომ “ტორპედო” არ იარსებებს. ამიტომ 31 იანვრიდან რადიკალურ ნაბიჯებზე გადავალთ, შევიკრიბებით მოედანზე და პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე გუნდი არ გადარჩება. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ვისი დანაშაულია, მაგრამ ვაჩვენოთ მათ, რა მნიშვნელობისაა “ტორპედო” ქუთაისისთვის. ნუთუ, ცენტრალურ ხელისულებაში არ იციან ამ პრობლემების შესახებ, ამდენი ხანი რატომ ვერ გადაიჭრა პრობლემა?”, – განაცხადა ლიცენზირების მენეჯერმა ნინო ქუთათელაძემ.

“ტორპედოს” ფანებმა გუშინ მერიის წინ აქციაც გამართეს და პროცესის გაჭიანურებაში მერია დაადანაშაულეს. ქუთაისის მერიის იურისტის ირაკლი გიორგაძის განმარტებით კი, “ტორპედოს” საკითხზე ინვესტორის პასუხი 3 თებერვლამდე გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ქუთაისის “ტორპედო” ყოფილმა მფლობელმა დატოვა, გუნდი ახალი ინვესტორის მოლოდინშია. თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკება იტალიელ ინვესტორთან, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე გაფორმებული არ არის. პრობლემას წარმოადგენს გუნდის სამ მილიონიანი დავალიანება, რაც გარკვეულწილად გუნდის გასხვისებას აფერხებს. გარდა ამისა, ცხრა თვეა ფეხბურთელებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასი არ მიუღიათ, რის გამოც ფეხბურთელების უმეტესობამ და მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვეს. გუნდის დაშლასთან ერთად “ტორპედო” უმაღლესი ლიგიდან გავარდნის და მეოთხე ლიგაში მოხვედრის საფრთხის წინაშეა.